საქართველოში ბრუნდება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული #SCIM2025, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, წელს უკვე მეათედ იმართება და მიზნად ისახავს იტალიური იდენტობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილის – კულინარიული ტრადიციებისა და ენოგასტრონომიული ცოდნის პოპულარიზაციას.
წლევანდელი კვირეულის თემაა „იტალიური სამზარეულო – კულტურა, რომელიც ტრადიციებით, ინოვაციებით, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების პრინციპებით საზრდოობს“ და მისი მიზანია იტალიური სამზარეულოს (რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის კანდიდატია!), როგორც ჯანსაღი, დაბალანსებული და ეკოლოგიურად სუფთა კვების სანიმუშო მოდელის, მნიშვნელობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია.
იტალიური სამზარეულოს – მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სავიზიტო ბარათია – კვირეულის აღნიშვნა საქართველოში მიეძღვნება ემილია-რომანიას რეგიონის სამზარეულოს და წარმოადგენს ამ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მესამე ნაწილს (საგანმანათლებლო სფეროსა და თეატრალური ხელოვნების შემდეგ), რომელსაც იტალიის საელჩო ახორციელებს.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის გამართავს ღონისძიებებს, რომლებიც ერთგვარი მოგზაურობა იქნება ავთენტური გემოების, კულინარიული ხელოვნებისა და იტალიური ნაწარმის შეუდარებელი ხარისხის სამყაროში.
საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორან „დიუმაში“ გაიმართება საზეიმო ვახშამი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სამეწარმეო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლა ALMA-ს შესანიშნავი შეფ-მზარეულები, სტეფანო სკარსო, ალმოს გალეოტი და დანიელა ანტონიოტი, 120-ზე მეტ სტუმარს იტალიური დელიკატესებისა და საუკეთესო ღვინოებისაგან შექმნილ მენიუს შესთავაზებენ. ღონისძიება იტალიური საოპერო ნაწარმოებების თანხლებით გაიმართება, რომლებსაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილი, ცნობილი ტენორი ოთარ ჯორჯიკია და შესანიშნავი პიანისტი ნიკა ნიყვაშვილი შეასრულებენ.
„სამზარეულო ის ენაა, რომელიც ერის იდენტობას, ქვეყნის კუთხეებს, ტრადიციებსა და ცოდნას ასახავს. იტალიური სამზარეულო არა მხოლოდ საუკეთესო ხარისხისა და განუმეორებელი გემოების სიმბოლოა, არამედ ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების სინონიმიცაა“, – განმარტავს იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, – “იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საქართველოში წარმოვადგინეთ გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონის, ემილია-რომანიას სამზარეულო, რომელსაც არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციებით, შესანიშნავი ინგრედიენტებითა და გასტრონომიისადმი სიყვარულით გამოირჩევა“.
კვირეულის აღნიშვნა იტალიის საელჩოს მიერ What About Georgia-სთან თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიებით გაგრძელდება: 21-22 ნოემბერს Factory Tbilisi-ს შთამბეჭდავ სივრცეში გაიმართება იტალიური გასტრონომიისა და მუსიკის ფესტივალი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი სტენდი ისეთი იტალიური ნაწარმითა და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კერძებით, როგორიცაა პასტა, პიცა, ყავა, ტირამისუ, ნაყინი და სხვ. დეგუსტაცია გაგრძელდება იტალიელი შეფ-მზარეულების მასტერკლასებით და დასრულდება მუსიკალური ფესტივალით, რომელსაც ცნობილი იტალიელი და ქართველი დიჯეები გაუძღვებიან. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებმაც იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ღონისძიებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანეს!




