თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო კაპელის ტრიუმფი ანკარის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე

ანკარის საერთაშორისო ფესტივალი

6 აპრილს, თურქეთის დედაქალაქში მიმდინარე ანკარის 40-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ (Uluslararası Ankara Müzik Festivali) ფარგლებში, პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში CSO Ada Ankara ქართული მუსიკის მასშტაბური საღამო გაიმართა.

თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, მაესტრო ვახტანგ  კახიძის დირიჟორობით, ადგილობრივი და საერთაშორისო მსმენელის წინაშე შეასრულეს კომპოზიტორის საავტორო, მონუმენტური ნაწარმოები – „რეკვიემი“. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

კონცერტის მთავარი აქცენტები

 ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ 2021 წელს შეიქმნა. იგი წარმოადგენს სიკვდილისა და დანაკარგის თემაზე შექმნილ ღრმა მუსიკალურ ნიმუშს, რომელიც კლასიკურ ტრადიციებს ქართულ პოლიფონიურ საგუნდო მუსიკასთან აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ეს „რეკვიემის“ რიგით მეორე შესრულება იყო საზღვარგარეთ (მისი საერთაშორისო პრემიერა 2023 წელს ბელგიაში, ფესტივალ „Europalia-Georgia“-ს ფარგლებში შედგა).

ანკარის მუსიკალური ფესტივალი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კულტურული მოვლენაა, რომელიც წელს 17 ქვეყნიდან 800-ზე მეტ არტისტს მასპინძლობს. ქართველი მუსიკოსების გამოსვლა საიუბილეო ფესტივალის ერთ-ერთ ცენტრალურ მოვლენად იქცა.

გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში.

Scroll to Top