ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ დატოვა.
ამ დროისთვის მსახიობს ტელეფონი გამორთული აქვს.
დუტა სხირტლაძის მიერ არხის დატოვებას მედიასთან ადასტურებს მისი მეუღლე, მარინა ნაცვლიშვილი.
ტელეკომპანიის დატოვებამდე, მსახიობმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც 18 წლის ახალგაზრდის დაკავებას და მისთვის 12 დღიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებს.
თუმცა ამ სტატუსში არხის დატოვებაზე მინიშნება არ გაუკეთებია.
„ბავშვია, ბიჭო! ბავშვი! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ქვეყანა ამათია. შვილებისაა. ვიღაცები “ბანდერლოგებს” უწოდებენ.. აი, ამათ… ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას, თავისუფლებაში დაბადებულებს.
ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს – ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ – გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ… ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი… ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს”, – წერს მსახიობი.