ზურა ინგოროყვა პოლიტიკაში მიდის

0
3247

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა ინგოროყვა პოლიტიკაში მიდის. ის ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი გახდა. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ინგოროყვას საარჩევნო კლიპიც გავრცელდა, რომელიც ორიგინალურად არის გადაღებული. მსახიობი საკუთარ ამომრჩეველს გვერდში დგომას ლექსით სთხოვს. ზურა ინგოროყვა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, კატო კირვალიძის მეუღლის როლს თამაშობს. რამდენიმე დღის წინ კი, ის გოგა ხაინდრავას სერიალში, “ჰეროკრატიაში“ გამოჩნდა, სადაც დეტექტივს განასახიერებს. ზურას არაერთი კინოროლი აქვს შესრულებული, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი მსახიობმა, ფილმ “გასეირნება ყარაბაღში“ შექმნა. „მიუზიკ ბოქსი“ ზურა ინგოროყვას დაუკავშირდა:

– ზურა, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

– თავად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შემომთავაზეს თანამშრომლობა. მითხრეს, რომ რუსთავს ვჭირდები და სწორედ ამიტომ ვიყრი კენჭს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მიყვარს რუსთავი, აქ დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ქალაქია. ის ხალხი ვინც გვერდით უდგას ირაკლი ალასანიას, ძალიან კარგი ხალხია, ჩემი და მათი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს და შემოთავაზებას ამიტომ დავთანხმდი.

– მანამდეც გქონდათ შემოთავაზება პოლიტიკური პარტიებისგან?

– თითქმის ყველა არჩევნებზე მთავაზობდა თანამშრომლობას სხვადასხვა პარტია, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდი პოლიტიკაში მოსვლას. ახლა კი ვფიქრობ საჭიროა ჩემი თანხმობა, რადგან რუსთავს ვჭირდები.

– რატომ გადაწყვიტეთ ორიგინალური საარჩევნო კლიპის გადაღება?

– ჩემმა მეგობრებმა ნატალია პაჭკორიამ და მამუკა ჯიჯეიშვილმა შემომთავაზეს ეს იდეა და უფასოდ მაჩუქეს საარჩევნო კლიპი. მგონი კარგი გამოვიდა.

– სამსახიობო კარიერას ემშვიდობებით?

– ჩვეულებრივად გავაგრძელებ სამსახიობო კარიერას, თეატრს რომ არ დავტოვებ ზუსტად ვიცი და სერიალებში როგორ განვითარდება ჩემი მოღვაწეობა ჯერჯერობით არ ვიცი.

unnamed-2

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here