ზურა არაბიძის მულტიმედიური გამოფენა VERSUS 9 ნოემბერს გაიხსნება

0
1147

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ზურა არაბიძის პროექტს VERSUS 9 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ზურა არაბიძის პროექტი ეგზისტენციალური ფილოსოფიის ველს სთავაზობს დამთვალიერებელს, სადაც ის ადამიანური არსებობის პირობებს ეხება: სამყაროს ინდივიდუალურ განცდას, თავისუფლებასა და არჩევანის შესაძლებლობას. სამყაროს ინდივიდუალური განცდა რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია თავისი კონფლიქტებითა და სუბიექტურობით, წინააღმდეგობას კი ყოველთვის თან ახლავს ახალი ენერგია, რომელიც შეიძლება, მხატვრულ ფორმად იქცეს.

ზურა არაბიძის მულტიმედია ინსტალაცია პირადი და საზოგადოებრივის რთული ურთიერთობის ვიზუალიზაციას წარმოადგენს. კონტრასტის თემას, რომელიც შეიძლება კონფლიქტამდე გაიზარდოს, ავტორი ფერების დაპირისპირებით გადმოსცემს. იგი მონოქრომული მხატვრობის საფუძველს ეყრდნობა, სადაც ცალკეული ფერი დამოუკიდებელი და ცოცხალი, დინამიური მოცემულობაა, ხოლო ფერების დაპირისპირება უბრალოდ მტრობას არ აღნიშნავს, – ცალკეული ფერი შეიძლება გაიგივებული იქნას რომელიმე ადამიანის ცნობიერებასთან, რომელიც მუდმივ ურთიერთქმედებაშია სამყაროსთან, სხვა ცნობიერებებთან და ამ პროცესს დასასრული არ აქვს.

ინსტალაციის დრამატურგიული სქემა რამდენიმე ძირითად თემას ავითარებს: მავთულხლართისა და სარკის ზედაპირის შეხვედრა სიმბოლურად წარმოადგენს ცნობიერების სწრაფვას თავისუფლებისაკენ და დოგმებით შექმნილ დაბრკოლებებს ამ გზაზე. სივრცე ვიდეოგამოსახულებებით ინფორმაციით გადატვირთულ რეალობას, ახალი ღირებულებების შემოტანასა და თანმხლებ ზეწოლას განასახიერებს, ხოლო ხეები მეტალის კონსტრუქციაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე, მომავლის არარსებობაზე მიანიშნებს.

ექსპოზიცია ინტერაქტიულია იმ თვალსაზრისით, რომ დამთვალიერებელს სთავაზობს განსაკუთრებულ სივრცეს პირადისა და საზოგადოებრივის ურთიერთობაზე დასაფიქრებლად, საკუთარი გამოცდილების გადააზრებისა და გამოთქმისათვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here