ყველაზე მოკრძალებული ქართველი ვარსკვლავები

0
625

საქართველოში პოპულარობის წყურვილი ბევრს ახრჩობს, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ცივი წყალიც ბევრია. მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, ვისაც პოპულარობა სურს, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებენ და თავს არიდებენ ყვითელი პრესის ინტერესს. მედიას იმიტომ არ თანხმდებიან ინტერვიუზე, რომ პირადის შესახებ არ ჰკითხონ. არც ფეისბუქზე აქტიურობით გამოირჩევიან, ან საერთოდ არ აქვთ სოციალური ქსელები, საკუთარ თავზე ნიუსებს არ ქმნიან და არც სხვებს აძლევენ ამის საბაბს. დღეს Music Box-ი ასეთ ცნობილ სახეებს წარმოგიდგენთ.

ნინო კასრაძე – რუსთაველის თეატრში 23 წლის ასაკში მოხვდა, პირველივე სპექტაკლით აღიარეს და რობერტ სტურუას რჩეული გახდა. ბოლო დრომდე თავს არიდებდა სერიალებში მონაწილეობას, მაგრამ “ჩემი ცოლის დაქალების“ შეთავაზებას დათანხმდა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორედ ამ სერიალით გაიცნო.

პრესა მისი ინტერვიუებით განებივრებული არ არის. ცოტაა ცნობილი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Nino Kasradze

ნატო მეტონიძე – წლების წინ რუსთაველის თეატრში გია ყანჩელის მუსიკა ახლებურად სწორედ მისი ხმით აჟღერდა. “ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, ყანჩელის ცნობილი მელოდიების ახალი ვერსიებით მაყურებელი მოიხიბლა და მათ მიმართ სიმპათია დღესაც არ გამქრალა. შეიძლება ითქვას, რომ ცნობილ მომღერლად მეტონიძე სწორედ ამ პროექტით იქცა.

პრესასთან ურთიერთობის სიყვარულით არც ის გამოირჩევა. ჰყავდა მეუღლე, რომელსაც გაშორდა. როგორც ამბობენ, მის ცხოვრებაში არის ახალი სიყვარული, თუმცა მედიისთვის სიყვარულის ეს ამბავი, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება უცნობი.

Nato Metonidze

რატი ამაღლობელი – რატი ამაღლობელს ოჯახი ჰყავს, მისი მეუღლე ეკონომიკურ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შვილი, ნათია გახლავთ, ჰყავს შვილები… მაგრამ ბევრი გოგონასთვის მაინც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცია.

რატი პოპულარული წლების წინ საკუთარი პოეზიით გახდა. დღესაც მისი ლექსები არ კარგავს მკითხველის სიყვარულს. მედიასთან ურთიერთობს, თუმცა არასდროს – პირად თემებზე.

Rati Amaglobeli

გელა ბაბლუანი – “13“-ის ფრანგული ვერსიის შემდეგ გამოჩნდა ჰოლივუდური “13“. ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილმა, გელამ ამით კარიერაში საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ინტერვიუებზე სიარული გელა ბაბლუანის საყვარელი საქმიანობა არც წლების წინ იყო, როდესაც საქართველოში პოპულარობა მოიხვეჭა და არც მას შემდეგ. როგორც ჩანს, ზედმეტად არ უყვარს საკუთარი თავის აფიშირება, რაც დაგვეთანხმებით, ხელოვანებისთვის არცთუ დამახასიათებელი თვისებაა.

gela-babluani

ზაალ უდუმაშვილი – რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ტელეწამყვანი, კურიერის სახე ზაალ უდუმაშვილი ქუჩაში რომ შეგხვდეთ, ალბათ, აუცილებლად მიესალმებით, რადგან გგონიათ, რომ პირადად იცნობთ. შესაძლოა, უკვე აღარც გახსოვთ, რამდენი წელია, საღამოს 9-დან 10 საათამდე სწორედ ის გიყვებათ ახალ ამბებს ერთ-ერთი ტელეარხის საშუალებით.

ამა ქვეყნის ამბებს ყოველდღიურად გადმოგვცემს, მაგრამ რაც შეეხება პირადულს, აქ ტელეწამყვანის კარი კოლეგებისთვის დახურულია. პრესას მასთან ჩაწერილი არც ერთი ასეთი ინტერვიუ არ ახსოვს.

zaal udumashvili