Mountain Set-მა, რომლის მოწყობილი ტერიტორია ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, მათ დიდი მატერიალური ზარალი მიიღეს, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპრომისზე წავიდნენ და ღონისძიება სხვა ადგილას გადაიტანეს.
გთავაზობთ განცხადებას:
„მეგობრებო…
ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით…
გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს.
ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.
ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.
ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.
სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია…
ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.
დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას.
ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს!❤
არავის მივცეთ საშუალება, მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“