მიუხედავად საერთო მხიარულებისა და სადღესასწაულო განწყობისა, რომელიც ახალი წლის მოახლოებითაა გამოწვეული, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რთული სოციალური ფონის შემხედვარე, საზეიმოს ვერაფერს ხედავენ და შესაბამისად, ახალი წელი მათ საყვარელ დღესასწაულთა შორის, ნამდვილად არ არის. მათ შორისაა მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელსაც საახალწლო ტრადიციებსა და მოგონებებთან ერთად, არაერთ საინტერესო საკითხზეც ვესაუბრეთ.
– ოჯახურ გარემოში აპირებთ დღესასწაულის შეხვედრას?
– ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით და შემდეგ ყველა თავის მეგობრებთან ერთად მიდის. თუმცა, ჩემთვის ამ წლის ბოლო კვირები იმდენად დატვირთული იყო, რომ ეხლა ძალიან დაღლილი ვარ და ალბათ, სახლში ვიჯდები. წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება – აბსოლუტურად ფხიზელი ვიქნები (იცინის). შესაბამისად, არც ნაბახუსევი შემაწუხებს, რაც ძალიან მიხარია. არცერთ ახალ წელს არ ვყოფილვარ ფხიზელი (იცინის). საქმე ისაა, რომ ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, ახლა ვმკურნალობ, ამიტომ, დალევა არ შეიძლება.