„ბალენსიაგას“ ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ყველა იმ წესს უგულებელჰყოფს, რაც მოდის სამყაროში აქამდე არსებობდა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ უწოდებს მას „ვოგი“ ყველაზე თამამ ადამიანს ამ სფეროში.
ახლახან „ბალენსიაგამ“ 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა, სადაც დემნა გვასალიამ თავისებურად „აურია და დაალაგა“. კოლექციაში ნებისმიერი კოსტიუმი ჰგავს ახლად გაღვიძებული ადამიანის სამოსს, რომელსაც მაღვიძარამ ათასჯერ დაურეკა, რაც ხელში მოხვდა, ის ჩაიცვა, ღილები არასწორად შეიკრა და ისე გამოვიდა სახლიდან. თუმცა ამ ქაოსშიც შეამჩნევთ წესრიგს, რომელიც დიზაინერმა დაამყარა. მისი ახალი კოლექციიდან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ დემნას მოდის სამყაროში გამოჩენის შემდეგ, სამოსი, მისი ტრადიციული ფორმით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, აღარ არსებობს.