სკანდალური ბლოგერი გურამ შეროზია შეყვარებულია, მისი რჩეული ხატია ჯოხარიძეა. შეროზიას სექსუალურმა რჩეულმა საზოგადოების ყურადღება უკვე მიიპყრო, სად გაიცნეს ერთმანეთი და როდის დაუბრუნდება მკითხველს გურამ შეროზიას ბლოგი ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– გურამ, სად გაიცანით ხატია?
– ხატიას უნივერსიტეტიდან ვიცნობ, როგორც იცით, მე მაფიის ღამეებს ვუწევ ორგანიზებას და ერთ-ერთ საღამოს საერთო მეგობრებთან ერთად მაფიის ღამის სათამაშოდ მოვიდა. შემდეგ სამოგზაუროდ წავედით. მეორე-მესამე მოგზაურობის შემდეგ, მივხვდით, რომ მეგობრობაზე შორს წავიდა ჩვენი ურთიერთობა. დაახლოებით 6 თვეა შეყვარებულები ვართ.
– ხატიას სექსუალურმა გარეგნობამ თითქმის მთელი თბილისი აალაპარაკა, ფიზიკური მონაცემების გარდა, რამ მოგხიბლათ მასში?
– შეხედეთ და ნახავთ, რამაც მომხიბლა. ხატიას, გარეგნობის გარდა სხვა კარგი თვისებებიც აქვს. თავიდან როცა გავიცანი შეყვარებული მყავდა და მან როგორც მეგობარმა ბევრი რაღაც იცოდა ჩემს შესახებ, შემდეგ კი მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა. სიყვარული დღემდე არ აგვიხსნია ერთმანეთისთვის.
– სად იყავით სამოგზაუროდ?
– პირველად სტამბულში ვიყავით, შემდეგ დაბადების დღეზე ასარჩევად ვაჩუქეთ ტური: ბუდაპეშტი, სტამბული, ვარშავა, მან სტამბული აირჩია. მე სიურპრიზად დავხვდი აეროპორტში, ეგონა ვაცილებდი. შემდეგ უკვე იტალიაში და ბუდაპეშტში გავემგზავრეთ.
– ცნობილი ადამიანი ხართ, ხატია კი მომხიბვლელი გოგოა, რთული არ არის თქვენი ურთიერთობა?
– ზუსტად იმიტომ გავასაჯაროვეთ ჩვენი ურთიერთობა, ხალხმა რომ იცოდეს და დრო არ დაკარგოს. იყო პატარ-პატარა ჩარევების მცდელობები ამ ურთიერთობებში, მაგრამ მე იმუნიტეტი მაქვს ამაზე და ორმაგად ვარ გადართული რომ ხატიაზე არ იმოქმედოს.
– ვინ არის ხატია პროფესიით?
– პროფესიით ფსიქოლოგია, მეორადი პროფესიით მსახიობია. თეატრალურ სარდაფში თამაშობდა. ახლა პროფესიით არ მუშაობს, ფინანსურ სექტორშია დასაქმებული.
– რამდენიმე თვის წინ, დაემშვიდობეთ მკითხველს, როდის დასრულდება თქვენი, როგორც ბლოგერის ტაიმ-აუტი?
– გავიდა ტაიმ აუტის პერიოდი, ვიმოგზაურე, მშვიდად ვიცხოვრე და ახლა აუცილებლად განვაახლებ ჩემს ბლოგს.
– თუ თვალს გადავავლებთ თქვენს ბლოგებს, ადრინდელივით კრიტიკული აღარ ხართ, რამ განაპირობა ეს?
– დავტკბი და გავკეთილშობილდი. ნაკლებად ვღიზიანდები რაღაცეებზე, ნაკლებად მაქვს პროტესტის გრძნობა და ეს ძალიან მომწონს. ყველაფერმა ერთად განაპირობა ეს, უფრო მეტი პოზიტივია ჩემში.