ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას ჰიტზე ანრი ჯოხაძემ ჰიტური კლიპი გადაიღო

0
3095

ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას ჰიტზე ანრი ჯოხაძის მიერ გადაღებულმა კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა. „თოვს“ – ამ სახელწოდების კომპოზიცია თემო საჯაიამ დაწერა. კინო „ამირანში“ ვიდეორგოლის ჩვენებას მომღერლების მეგობრები და მედია დაესწრო. კლიპმა ისეთი აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომ ის სამჯერ აჩვენეს. განსაკუთრებული მოწონება კი მოხუცმა ქალბატონმა დაიმსახურა, რომელმაც ვიდეორგოლის ბოლოს სახალისო მიმიკით დარბაზის გამხიარულება შეძლო.

როგორც ანრი ჯოხაძემ აღნიშნა, მას სიმღერა თავიდანვე ძალიან მოეწონა და კლიპის გადაღების იდეა მომღერალ კოლეგებს თავად შესთავაზა. ვერიკო ტურაშვილმა კი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩანაწერისა თუ ვიდეოს შექმნაში, მათ შორის მუსიკოსებს: უჩა მეტრეველს, ზაზა ცერცვაძეს, პაატა ანდრიაძესა და ლევან დეისაძეს, ასევე დიზაინერ ლაშა ჯოხაძეს, რომელმაც მომღერლების ჩაცმულობაზე იზრუნა.

ვერიკო ტურაშვილი:

ანრისთან ეს ჩემი პირველი თანამშრომლობა არ არის. იმის გარდა, რომ მეგობრები ვართ და ჩვენი პროფესიაც გვაკავშირებს, ანრისთან ვიდეოებზე მიმუშავია და რთულად არაფერი გამოგვდის. როცა ანრი აკეთებს ვიდეორგოლს, 100%-ით ვენდობი და დეტალებშიც არასდროს ვერევი. ის ზუსტად მხედავს და იცის, როგორ უნდა გამომაჩინოს კადრი. ზოგადად, მადლობა მას ჩემს ცხოვრებაში ყოფნისთვის.

რაც შეეხება თემოს, ჩემი ძალიან ბევრი წლის მეგობარია, საყვარელი ადამიანი და მუსიკოსია. ბოლო პერიოდი ვფიქრობდით დუეტზე, ეს ექსპრომტად არ მომხდარა. ველოდებოდი, რომ თემო დაწერდა შესაფერის სიმღერას, რომელსაც ერთად შევასრულებდით. მადლობა, რომ მეც მამღერა ეს კომპოზიცია.

ახალ წლამდე ვიდეორგოლზე აღარ ვიფიქრებ, მაგრამ 2018 წლიდან ვაგღძელებ აქტიურობას, მინდა ალბომის ჩაწერა და რასაკვირველია, ვიდეობიც იქნება.

თემო საჯაია:

მე და ვერიკო დიდი ხნის მეგობრები ვართ. სუბიექტურობას რომ თავი დავანებოთ, ვერიკო ტურაშვილი ერთ-ერთი ბრწყინვალე მომღერალია არა მარტო ქართულ შოუბიზნესში. მინდოდა, მასთან ერთად სიმღერა მქონოდა. ვფიქრობ, ის ჩვენს ხმებს და წინასაახალწლო განწყობას ძალიან მოუხდა. განსაკუთრებული მადლობა რეჟისორს, ანრი ჯოხაძეს. გარდა იმისა, რომ ანრი ძალიან მომთხოვნია, როგორც რეჟისორი, სხვა სირთულე არ გვქონია. როცა ადამიანი მოტივირებულია, სხვა სირთულეებს, მაგალითად, სიცივეს არ აღიქვამს ხელისშემშლელად…

ანრი ჯოხაძე:

როდესაც მუსიკალური პროდუქცია მოგწონს, თავისი ავტორიან-შემსრულებლიანად, სხვა ენთუზიაზმი ირთვება. თავად გამიჩნდა სურვილი, კლიპი გადამეღო და შევთავაზე, საახალწლო განწყობის ვიდეოს გაგიკეთებთ-მეთქი. კარგები არიან, მეგობრები არიან და მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

ლაშა ჯოხაძე, დიზაინერი:

სამოსი შევარჩიე ლოკაციების მიხედვით. სიმღერა ძალიან მომწონს, ჰიტია, რომ დაგამახსოვრდება და აიჩემებ. ვერიკომაც ძალიან შემიწყო ხელი, რომ მოეხდინა სამოსი. მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. კომფორტული ადამიანები არიან ანრიც, ვერიკოც და თემოც. სიამოვნებით ვმუშაობ მათთან და ამის შემდეგაც სიამოვნებით ვიმუშავებ.

რატი დურგლიშვილი:

მართლა ვერ ვმალავ ემოციებს (იღიმის). ამ ვიდეოს ველოდები დიდი ხანია. სიმღერა ვერიკომ მომასმენინა, შავი ვერსია. ბრავო თემოს და ვერიკოს, ყველანაირად მაგარი სინთეზია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანში ძალიან კარგი პროდუქტი შეიქმნა, თემოსა და ვერიკოს კლიპით დიდი სიამოვნება მივიღე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს ასეთი მაგარი ნამუშევარი აქვთ. დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი შეიყვარებს, რადგან მუსიკა საერთო ენაა. ბრავო ანრის, შემოქმედებით ჯგუფს და იმ მუსიკოსებს, რომლებმაც ჩანაწერში მიიღეს მონაწილეობა.

სოფო ბედია:

ძალიან მომეწონა, ულამაზესი კლიპია, საოცრად გამოიყურება ორივე. კიდევ რამდენიმეჯერ რომ მეყურებინა, ნამდვილად არ დავიღლებოდი. ვულოცავ წარმატებულ ნამუშევარს!..

კლიპის პრემიერის შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ „თავადურში“ გადაინაცვლა, სადაც საღამო ძალიან მხიარულად გაგრძელდა და დასრულდა. სცენაზე ერთმანეთს საღამოს მასპინძლები და მათი კოლეგები ენაცლებოდნენ, რომლებმაც სიამოვნებით მიულოცეს ვერიკოსა და თემოს ახალი ვიდეორგოლის პრემიერა. ფოტოგალერეა

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here