თვითნასწავლი მხატვარი თეო ლალიაშვილი თბილისში პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, სადაც 50-მდე ნამუშევარს წარადგენს. დეკემბერში კი მისი გამოფენა ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება. მადრიდში მისი ნამუშევრებით ცნობილი გალერისტი დაინტერესდა.
თეო ლალიაშვილი:
ვემზადებიპერსონალური გამოფენისთვის, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება, იქნება გამოფენილი 50-მდე ნამუშევარი, რომელიც შესრულებულია ტილოზე ზეთში და აკრილში.
თემატიკა ნამუშევრების ბავშვობაში მოგროვილი ნახატებია, რომლებსაც თავში ვხატავდი და დღეს უკვე ტილოზე გადმოვიტანე.
ასევე დეკემბერში ვგეგმავ ესპანეთში ქალაქ მადრიდში გამოფენის ჩატარებას, რადგან ნამუშევრებით დაინტერესდა ცნობილი ესპანელი გალერსტი მანუელა სუარესი და შემომთავაზა საკუთარ გალერეაში გამოფენის მოწყობა.
როგორ დაგიკავშირდა?
ჩემი მეგობრის მეშვეობით, რომელიც მადრიდში ცხოვრობს და ხელოვნების სფეროში საკმაოდ წარმატებული ადამიანია. მისი დახმარებით დაინტერესდა ჩემი ნახატებით და შემომთავაზა გამოფენის ჩატარება. ახლა დეტალებზე ვსაუბრობთ და მალე უკვე ჩამოვყალიბდებით, მათი მოთხოვნების შესაბამისად.
ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ძალიან ვნერვიულობ (იღიმის). სხვა არის შენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების შეფასება, უცხო ადამიანების თვალით დანახული ჩემი ნახატები, თან, უცხო ქვეყანაში – კიდევ სხვა.
როდიდან ხატავ?
ხატვა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე.
შენს ნახატებზე როგორი შეფასებები გსმენია?
სხვადასხვა – ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. ერთმა ცნობილმა მხატვარმა რჩევა მომცა, შენ ცხოველები უნდა დახატო, რადგან უკეთესად გამოგივაო, მაგრამ ცხოველებს ვერ ვხატავ (იღიმის).
თუმცა კრიტიკას ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ, მის გარეშე ზოგადად უინტერესოა ყველაფერი. ამ შემთხვევაში კი უფრო საინტერესოა კრიტიკა, ვიდრე ლამაზი სიტყვების მოსმენა…
ნინო მურღულია