3.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

ტრომბონ შორთის დანთებული ცეცხლი სცენაზე და რამდენიმესაათიანი ლოდინი ერიკა ბადუს კონცერტამდე – ჯაზფესტივალის მე-2 დღე

ლეგენდარული რობერტ პლანტის, „ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტის შემდეგ, მელომანებმა ბათუმის ჩოგბურთის კორტებისკენ გადაინაცვლეს. 20 ივლისს მუსიკის მოყვარულების წინაშე ტრომბონ შორთი და ერიკა ბადუ წარსდგნენ, თუმცა, ეს დღე არა მხოლოდ ლეგენდარული მუსიკოსების სტუმრობით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ მელომანებს რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდათ, სანამ ერიკა ბადუ დიჯეის პულტთან დადგებოდა.
სანამ ერიკა ბადუს დაგვიანების ამბის შესახებ მოგიყვებით, მანამდე გეტყვით, რომ ტრომბონ შორთმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

წელს „ისთერნ პრომოუშენსმა“ მელომანებს უფრო მეტად მოდერნიზებული და კომპაქტური სივრცე შესთავაზა, კლუბის და სცენის გაერთიანებით. ასე, რომ ადამიანმა დინამიტმა, რომელსაც მოფერებით ტრომბონ შორთს ეძახიან, მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და მათ ბისზე რამდენიმე კომპოზიცია შესთავაზა.

გეტყვით, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარია ტროი ენდრიუ, თუ რატომ არის მისი სასცენო სახელი ტრომბონ შორთი კი რთული მისახვედრი არ არის. მან ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო ტრომბონზე დაკვრა, 2009 წელს კი ჯგუფი ჩამოაყალიბა Trombone Shorty & Orleans Avenue, რომელთან ერთადაც საქართველოს სტუმრობდა.

ბათუმის ჯაზფესტივალის სტუმრებს დაახლოებით სამ საათიანი ლოდინი მოუწიათ, სანამ გრემის 4 გზის მფლობელი ერიკა ბადუ სცენაზე გამოჩნდებოდა. კორტებზე შეკრებილი უამრავი ადამიანი ნელ-ნელა დაიცალა და ბოლოს თითქმის ნახევარი დარჩა.  „ისთერნ პრომოუშენსის“ დამფუძნებელმა გიორგი კერესელიძემ „ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა „ვიმედოვნებთ, რომ ამის კონპენსირებას მუსიკით მოახდენს“ და მართლაც ერიკა ბადუმ ქართველ მსმენელებს განსაკუთრებული საღამო შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ერიკა ბადუ, წინა წლებში, თბილისის ჯაზფესტივალზე უკვე შეხვდა ქართველ მსმენელს, თუმცა, ამჯერად ის სულ სხვა აპლუაში იყო. ბადუ მსმენელის წინაშე დიჯეი სეტით წარსდგა და მსმენელს დაუვიწყარი შოუ აჩუქა. მისი დაგვიანება კი ყველას გადაავიწყა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ვარსკვლავთცვენა ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გრძელდება. დღეს მსმენელის წინაშე არაერთი ჰიტის ავტორი ვაიქლეფ ჟანი წარსდგება.

ნინო როსტიაშვილი

Latest Posts

ბოლო სიახლეები