The voice ოქტომბერში დაიწყება – მთავარი პროდიუსერი სიახლეების შესახებ

0
75

“იმედი“ ახალი სეზონიდან ეთერში აბრუნებს მუსიკალურ პროექტს, რომელმაც მსოფლიოში მაყურებელთა უდიდესი რაოდენობა მოაგროვა. “ახალ ხმას“ საქართველოში ორწლიანი პაუზა ჰქონდა. წელს ეთერში განახლებული სახით გავა, ვინაიდან ახალმა მთავარმა პროდიუსერმა, გვანცა კილასონიამ, პროექტის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მიერ “ვოისის“ ბიბლიაში შეტანილი ყველა ცვლილება გაითვალისწინა.

ამჟამად “The voice საქართველო“-ს გუნდი ბათუმში იმყოფება, სადაც მწვრთნელების მონაწილეობით ტელეპროექტის პრომოს იღებენ. ჩვენ გადაღებების რამდენიმე ფოტო ექსკლუზიურად მოვიპოვეთ.

გვანცა კილასონია:

– პროექტის მცირეხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოში, გადავწყვიტეთ, რომ მისი ეკრანზე დაბრუნების დროა. ძველ-ახალი გუნდით და ახალი ძალებით შევუდექით მზადებას. ეს არის პროექტი, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ყველა ის ცვლილება, რაც პროექტის ბიბლიაში ბოლო პერიოდში შევიდა, გავითვალისწინეთ. თუმცა ის, რითაც “ვოისი“ პოპულარული გახდა, ბრმა კასტინგი, რა თქმა უნდა შენარჩუნებულია და 4 მწვრთნელიც შებრუნებული მოუსმენს მონაწილეებს. პირველ ბრმა კასტინგს მაყურებელი ოქტომბერში იხილავს. შევცვალეთ დასახელება, “ახალი ხმის“ ნაცვლად“ დავარქვით “The Voice საქართველო“.

გვანცა, რამდენად დიდი იყო ინტერესი მონაწილეობის მსურველთა მხრიდან და გყავთ თუ არა ახალი “ბრილიანტები“ მაყურებლისთვის შემონახული?

– როდესაც მუსიკალურ პროექტს იწყებ, ყოველთვის არის რისკი, რომ საკმარისი რაოდენობის მონაწილეები არ მოვიდნენ, თუმცა გავიმეორებ ბანალურ ფრაზას, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ (იღიმის). ჩვენს ვებგვერდზე 1 000-მდე განაცხადი შემოვიდა, წინასწარი კასტინგების შედეგად, ჯერ 300-მდე დავიყვანეთ, შემდეგ 100-მდე და მწვრთნელებს ბრმა კასტინგისთვის 85 რჩეულ “მარგალიტს“ შევთავაზებთ. დამერწმუნეთ, რომ საზოგადოებისთვის უცნობი უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომლებსაც პირველი მოსმენისთანავე შეიყვარებს მაყურებელი.

აპრობირებული მეთოდია მუსიკალურ პროექტებში მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეების გამოყვანაც.

– ჩვენს პროექტში ეს მინიმუმამდეა დაყვანილი, მონაწილეთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებსაც მაყურებელი, ალბათ, ამოიცნობს სხვა მუსიკალური კონკურსებიდან.

რაც შეეხება მწვრთნელებს…

– მათგან სამის ვინაობა უკვე ცნობილია, ანრი ჯოხაძე, რომელსაც ჟიურიში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ნიუ-იორკიდან სპეციალურად ამ პროექტისთვის რამდენიმე თვით ჩამოვიდა საქართველოში, ნოდიკო ტატიშვილი და ის პირველად დაიკავებს ასეთ მუსიკალურ პროექტში მწვრთნელის სავარძელს. მეოთხე მწვრთნელის ვინაობაც მალე გახდება ცნობილი, მიგანიშნებთ, რომ ის ყველასთვის საყვარელი მომღერალია და არასდროს ყოფილა არც ერთი არხის მუსიკალური შოუს ჟიურის წევრი.