9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, რიყის პარკში, 20:00 საათზე, „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“ კონცერტებს გამართავენ. ღონისძიების სახელწოდებაა „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება. რაც მთავარია, კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
ჩვენ დავუკავშირდით „თეატრალურის კვარტეტის“ წევრს, ლაშა კერვალიძეს, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ლაშა კერვალიძე:
ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენს შემოქმედებას უცხოელები მოისმენენ და გაეცნობიან. ასევე გვახარებს ის ფაქტი, რომ „სუხიშვილებთან“ ერთად გამოვდივართ. გელოდებით სრულიად საქართველოს, თბილისს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს (იღიმის). დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირსეულად წარვადგენთ ქართულ კულტურას და პოპულარიზაციას გავუწევთ უცხოელ სტუმრებთან.
პროექტის სახელწოდებაა „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“, რომელიც 12 კვირის განმავლობაში გაიმართება ყოველ შაბათს ძველი თბილისის ტერიტორიაზე, რიყის პარკში.
რაც შეეხება კონცერტის ფორმატს, ის იქნება ქართული ელემენტებით გაჟღენთილი, შესრულდება ქართული მრავალხმიანი სიმღერები და ქართული ცეკვა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა ისტორია აქვს ქართულ სიმღერასა და ცეკვას და ისიც ვიცით, რა როლი აქვს საქართველოს პოპულარიზაციაში მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ეს მიზანი აქვს ამ პროექტს, ტურისტებმა, ვინც საქართველოს ესტუმრება, შეაფასონ ჩვენი კულტურა.
მარკეტინგული კომპანია დაწყებულია რამდენიმე არხზე, მათ შორის „ბი-ბი-სი“-ზე და „სი-ენ-ენ“-ზე, ასევე ყველა ტურისტული კომპანია ავრცელებს ამ ინფორმაციას.
კონცერტებზე დასწრება უფასოა.
კონცერტების დღეებში, დღის ორი საათიდან, ტერიტორიაზე იქნება გამოფენა-გაყიდვა, ქართული ღვინის, ჭაჭისა და ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნუგბარის დეგუსტაცია, ასევე მოეწყობა ქართული ყველის კუთხე.
ნინო მურღულია