მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა, მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ “თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.