თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ მიერ თანამედროვედ გაკეთებული, ქართული ნუგბარი და ხილი, რომელიც ეზოში იყო გამოფენილი მოდის კვირეულის გახსნას მართლაც განსაკუთრებულ სახეს სძენდა. საღამო Solo-მ წარმოადგინა.
ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:
ქალბატონ მედეა ჯაფარიძეს ვიცნობდი, ვიცნობ მის დიდებულ ოჯახს, ჩემი ოჯახი მეგობრობდა თაბუკაშვილების ოჯახთან. ჩემთვის პატივიდ ა სიამოვნებაა ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, მედეა ჯაფარიძე ქართული სილამაზისა და სინატიფის, ასევე მუდმივი ახალგაზრდობის სიმბოლო იყო.
ეს არის არტპროექტი. მთელ მსოფლიოში მოდა გახდა ხელოვნების ნაწილი, ჩემთვისაც ასეა. ყოველთვის უფრო საინტერესოა ერთად მოდა და ხელოვნება. ასე უფრო მიმზიდველია. მარტო მოდაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მირჩევნია, რომ მას ხელოვნება დაემატოს (იღიმის).
ნიკა წულუკიძე, ტელეწამყვანი:
ძალიან მომწონს თბილისის მოდის კვირეულის ეს ნაწილი, აქამდე იყო საღამოები, რომლებიც მიეძღვნათ ნინო რამიშვილს, სოფიკო ჭიაურელსა და ელენე ახვლედიანს. ესენი მართლა ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში. მედეა ჯაფარიძე სინარნარით, სინატიფითა და მშვენიერებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს, ახალგაზრდებსაც აჩვენეს, როგორი იყო ის… ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტილი პერფორმანსი იყო.
თაკო ჩხეიძე, მოდის კვირეულის ორგანიზატორი:
ტრადიციად იქცა თბილისის მოდის კვირეულის გახსნა ქართველი ლეგენდარული ქალბატონების საღამოებით. ამ სეზონზე შევარჩიეთ მედეა ჯაფარიძე, ვინც არის ქართული მოდისა და სტილის კერპი. ეს ადგილიც სიმბოლურად შევარჩიეთ, რადგან სწორედ აქ არის გადაღებული „ქეთო და კოტე“. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბასა და თამრიკო ფოცხიშვილებს დღევანდელი საღამოსთვის.
უცხოელები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ყველას დიდი სურვილი აქვს, რომ თბილისში ჩამოვიდნენ. 9 წლის წინ, როცა ეს საქმე დავიწყეთ, ძალიან რთული იყო სერიოზული პრესის მოწვევა, ახლა კი თავად გვწერენ და გამოთქვამენ ჩამოსვლის სურვილს. არიან აღფრთოვანებული ჩვენი მოდით და ქალაქით (იღიმის).
რაც შეეხება მოდის კვირეულს, 21 აპრილიდან იწყება ჩვენებები, კონფერენციები ფეშენმარკეტინგზე და გველის დატვირთუილი განრიგი.
ნინო მურღულია