თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს იხსნება – „ყოველი დღე განსხვავებული იქნება…“

0
1663

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL.

ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ლაშა ჯოხაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექცისაც ვიხილავთ:  MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.

ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party რადისონის სურფეის ბარში, Weekend Maxmara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე „ლინვილში“, Martini reception ივერია კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია რადისონის ოქსიჯენ ბარში და Musia’s Lips for TFW ლოლიტაში. კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.

გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 28 ოქტომბერს, რადისონის ბოლრუმში გაიმართება. მასზე VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის დაISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარდგებიან სპიკერებად. კონფერენციის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge.

რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ.

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ.

 თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება. ოთხი დღის განმავლობაში ძალიან სასიამოვნო სივრცეში გიმასპინძლებთ. წელს ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს, შესაბამისად, ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. ქართველი დიზაინერები და ორგანიზატორები სულმოუთქმელად ველოდებით თბილისის მოდის კვირეულის გახსნას. ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი ქართული მოდის მიმართ. 20 მაღალრეიტინგული მედიის წარმომადგენელი ჩამოდის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერტაშორისო მედიის ყურადღება და ვამაყობთ, რომ საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და ყაზბეგში გადაღებული ვიდეო ELLE.com-ს ქავერფოტოდ ექვსი თვის განმავლობაში ეყენა. რაც შეეხება ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ქართველი ლეგენდარული ქალბატონების წარმოდგენას, წელს ერთი ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის მიერ მოწყობილ ულამაზეს ლოკაციაზე, ლეღვთახევში გაიმართება, ელენე ახვლედიანს მიეძღვნება.

 

მაკა კუბუსიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

თბილისის მოდის კვირეული რომ კარგი ღონისძიებაა, ეს ყოველ ჯერზე დაამტკიცა და ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ერთად, ის სასარგებლო ღონისძიებაცაა, მისი ყველა მონაწილე მხარისთვის, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც…

 

ია მაქაცარია, თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი:

დიდი მადლობა თბილისის მოდის კვირეულს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ლოკაციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ელენე ახვლედიანის თემატიკა წელს ლეღვთახევში იქნება წარმოდგენილი, წინა სეზონზე სოფიკო ჭიაურელისა და ნინო რამიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ამ კუთხით მოდის კვირეულმა ძალიან საინტერესო შტრიხი შეიძინა. მოხარულები ვართ, რომ მოდის კვირეულის განმავლობაში თბილისი ყურადღების ცენტრში ექცევა.

 როგორც ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მოდის კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო სიუპრიზი გველოდება…

 

ნინო მურღულია

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here