თბილისის მოდის კვირეულის გრანდიოზული დახურვა (ფოტოები)

0
2868

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს მსოფლიოს მედიის, ბაიერების და დიზაინერების ყურადღების ცენტრში მოექცა. მოდის დღესასწაული სოფიკო ჭიაურელის კინოგმირების გაცოცხლებით გაიხსნა. ღვინის ქარხანაში ლეგენდარული მსახიობის პერსონაჟები, ქართველმა მოდელებმა გააცოცხლეს.

წლევანდელ კვირეულზე ცნობილ დიზაინერებთან ერთად, ახალბედა დიზაინერების კოლექციების ჩვენებაც შედგა. მათ 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს.

პირველი ჩვენება, ახალგაზრდა დიზაინერს, მარიამ გვასალიას დაეთმო, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის აღმოჩენაა. მარიამ გვასალია მოკლე პერიოდში მოექცა უცხოელი ბაიერების და გამოცემების ყურადღების ცენტრში.

არაერთი ქართველი და უცხოელი დიზაინერის ჩვენება, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. წლევანდელ მოდის კვირეულზე, კახაბერის დებიუტი შედგა, თუ აქამდე მას მუსიკოსის და პროდიუსერის ამპლუაში ვიცნობდით, კახაბერმა თავისი ნიჭიერება, კიდევ ერთ საქმეში დაამტკიცა და საზოგადოების წინაშე, მის მიერ შექმნილი სამოსის კოლექციით წარსდგა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ყაბალახი, აბრეშუმის თავსაბურავები, რომლებიც დათო მაჭავარიანის “ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციით – “ჯარი“ არის გაფორმებული, სხვადასხვა ვარცხნილობის ფორმის მქონე ფაფახის ხაზი, რომელიც სტილისტთან, შაკო საჯაიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. მაისურების სერიას არტისტის წინაპრების პორტრეტები აფორმებდა, კახაბერის თქმით, ეს სერია წინაპრების ხსოვნას ეძღვნება.

თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებების უმრავლესობა, ისტორიის მუზეუმ “”ქარვასლაში” გაიმართა.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებებს შორის, ქართველი დიზაინერების მიერ წარმოდგენილი 2017/2018 შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიდან, ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი “TATANA-ს” ჩვენება აღმოჩნდა. ხავერდი, ბეწვი, შავი, ბორდოსფერი და ნაცრისფერი – კოლექციისთვის ძირითადი დამახასიათებელი დეტალები და ფერები გახლდათ.

ბეწვი, ბადე, ჯინსი სწორედ ამ მასალისგან შექმნილი სექსუალური კოსტიუმები წარუდგინა საზოგადოებას, რუსეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა, რომელსაც მოდის სფეროში “Lika4Lika-ს” სახელით იცნობენ.

თბილისის მე-15 მოდის კვირეული, ახალგაზრდა დიზაინერის, ლაშა ჯოხაძის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. საზოგადოებამ ლაშას მიერ შექმნილი სამოსი ახალ ტიფლისში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ პოდიუმზე იხილა. კოლექცია ნანკა კალატოზიშვილმა, მარიამ სანოგომ, ალექსანდრა პაიჭაძემ და სხვა ცნობილმა მოდელებმა გამოიტანეს.

ლაშა ჯოხაძის ინსპირაციის წყარო, ახალ კოლექციაზე მუშაობისას წყალქვეშა სამყარო გახდა. მან ქსოვილს ხელნაკეთი დეტალები დაურთო და წელზე მომდგარი სილუეტით, მის მიერ შექმნილ კაბებს სიმკაცრე შემატა.

ლაშა ჯოხაძე (დიზაინერი): “ჩემი ინსპირაციის წყარო წყალქვეშა სამყარო გახდა. წინა კოლექციისგან განსხვავებით, ეს კოსტიუმები ფერადია, ყველა დეტალზე ხელით ვიმუშავე. ბუნების თემატიკას გავყევი ამ კოლექციაშიც და ზღვის ვარსკვლავი ავირჩიე. წყალქვეშა სამყაროს ეგზოტიკას მივანიჭე უპირატესობა. ფერების თვალსაზრისით მრავალფეროვნება მომინდა. ეს კოლექცია შარმიანი, სექსუალური, მკაცრი და თავდაჯერებული ქალისთვის არის შექმნილი.”

თაკო ჩხეიძე (ორგანიზატორი): “კმაყოფილი ვარ წლევანდელი მოდის კვირეულით. მინდა მივულოცო დამწყებ დიზაინერებს, რომლებიც კარგად შეაფასეს უცხოელმა სტუმრებმა. ბევრ ახალ და ძველ დიზაინერთან უკვე გავრცელდა ხელშეკრულებები. ჩვენი მიზანი არის ქართული მოდის პოპულარიზაცია, ახალი სახეების აღმოჩენა და ეს შევძელით. დღევანდელი დღეც განსაკუთრებული იყო, ღირსეულად დასრულდა მოდის კვირეული. დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტის განხორციელებაში, რისთვისაც ჩემს გუნდს მადლობას ვუხდი. ეს პროექტი ქვეყნის პრესტიჟია.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here