რიგით მეთოთხმეტე, თბილისის მოდის კვირეული გუშინ დაიხურა. კვირეული 19 ოქტომბერს, ნინო რამიშვილის კაბების ჩვენებით გაიხსნა, რომელიც ახალ ტიფლისში, სუხიშვილების მოცეკვავეებმა წარმოადგინეს. წლევანდელი კვირეული გამორჩეული იყო, ქართველი დიზაინერების ნამუშევრებით, მსოფლიოს წამყვანი ბაიერები და გამოცემები დაინტერესდნენ.
ია მაქაცარია (მერიის კულტურის სამსახურის უფროსი): თბილისის მოდის კვირეულს ნამდვილად მოუხდა ახალი ტიფლისი. ჩვენც და ორგანიზატორებსაც გვინდოდა, ღონისძიების ხილვის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ჰქონოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენება ღია ცის ქვეშ გამართულიყო.
ღია ცის ქვეშ ჩვენება ახალბედა ქართველი დიზაინერების კოსტიუმებს დაეთმო. თითოეულმა მათგანმა პოდიუმზე 2-2 ლუქი წარმოადგინა. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო, კოსტიუმებში გამოყენებული ღია ფერი სამოსი და სამხედრო პრინტი.
გიორგი პაპიძე („ჯეომოდელსის“ და „ბრავეს“ მენეჯერი): წლევანდელ კვირეულზე არაერთი ნიჭიერი დიზაინერი აღმოვაჩინეთ, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს და მათი კოლექციით, უცხოელი ბაიერები დაინტერესდნენ.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი „M2“-ის ახალ მშენებარე კორპუსში, „სქაი ლაინში“ შედგა. თბილისის მოდის კვირეულის დახურვაზე, ახალგაზრდა ბრენდის „M.A.Y.A“ ნაქსოვი კოსტიუმების კოლექცია იქნა ნაჩვენები, რომელიც პოდიუმზე დამწყებმა მოდელებმა წარადგინეს. დიზაინერი აღნიშნულ კოლექციაზე ერთი წელი მუშაობდა და მისმა ნამუშევრებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
თაკო ჩხეიძე (ორგანიზატორი): წლევანდელი მოდის კვირეული ნამდვილად გამორჩეული იყო. ამას მოწმობს ისიც რომ ღონისძიებით და ქართველი დიზაინერებით, მსოფლიოს წამყვანი გამოცემები დაინტერესდნენ. საერთაშორისო პრესის მხრიდან ასეთი გამოხმაურება, თბილისის მოდის კვირეულზე აქამდე არ ყოფილა.