2 ნოემბერს, 20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში, რიგით მე-20, საიუბილეო თბილისის ჯაზფესტივალი, ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული ამერიკულ ჯგუფის TOWER OF POWER კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე კი, ნაჩვენები იქნება ფესტივალის 20-წლიანი ისტორიის ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
2-5 ნოემბერს ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზშემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის.
4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსოფონისტი JOE LOVANO (ჯო ლოვანო) ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება. თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზშემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც სპეციალური სტუმარი – მსოფლიოში აღიარებული ბასისტი EDDIE GOMEZ (ედი გომესი) ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზშემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჯაზექსპერიმენტი“.
პირველ ჯაზფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს ფესტივალის ფარგლებში უამრავი ცნობილი მუსიკოსი სტუმრობს.