28.8 C
Tbilisi
Friday, August 5, 2022

თამუნა ქორქიას ორი ცხოვრება – „33 წლის ასაკში მოვკვდი დიაბეტით და გავცოცხლდი მის გარეშე…“

თამუნა ქორქია, რომელიც მაყურებელმა კარგად „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, „პირველ არხთან“ თავისი ჯანმრთელობის პრობლემის, კერძოდ, დიაბეტის შესახებ ჰყვება, რომელსაც 14 წლის ასაკიდან ებრძვის.

თამუნა ქორქია:

ვარ 40 წლის და ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, 33 წლამდე, როცა ვიცოცხლე დიაბეტთან ერთად, შემდეგ მოვკვდი და გავცოცხლდი ამ დაავადების გარეშე.

ექთანმა მითხრა, სადაც ანალიზები გაიკეთე, არ თქვა, რომ დიაბეტი გაქვს, რადგან ვერ გათხოვდებიო… ჩემი ოჯახის განწყობაზე, დამოკიდებულებაზე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო კარგად. როცა მივედი ექიმებთან და ამიხსნეს, რა და როგორ, მართლა შოკი იყო, დიდი სტრესი, დროის მიხედვით უნდა ჭამო, ინსულინი უნდა იკეთო. უცბად წარმოუდგენელ ამბავში მოვხვდი. ბეჯითად ვასრულებდი ყველაფერს, მეგონა, თუ ერთი წამით გადამიცდებოდა, უბედურება დატრიალდებოდა…

მილიონ ექიმთან ვარ ნამყოფი, ზოგი რას მეუბნებოდა, ზოგი – რას. ზოგი ამბობდა, სიმსივნეაო, ზოგი – შიდსის ანალიზი გაუკეთეთო. წარმოუდგენელი რამ გავიარე. არ ვიცი, აგრესია მქონდა თუ პროტესტი, 14 წლის თმა მთლიანად გადავიპარსე…

საზღვარგარეთ დამისვეს უმძიმესი ფორმის დიაბეტის დიაგნოზი, დავიწყე ამასთან შეგუება, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ძალიან ცუდად მოვექეცი, დავაიგნორე… მთელი ცხოვრება ექიმებთან ურთიერთობამ აგრესია გამიჩინა. დავაიგნორე დიაბეტი, თითქოს არ მქონდა… ძალიან ცუდად ვიქცეოდი. მეგონა, არაფერი მომივიდოდა.

ერთი დღე და ღამე გადადებული ვიყავი. ორივე თირკმელი გამეთიშა. ტვინში წავიდა სეფსისი. ვეღარც ვსაუბრობდი. იყო პერიოდი, როცა რაღაცები მესმოდა. ეს იყო ყველაზე დიდი მარტოობის შეგრძნება… აზრზე რომ მოვიდოდი, ჩემს დას ვეუბნებოდი, ჩემს თავთან ტიროდა ხოლმე, გამიშვი, ნუ მაწვალებ-მეთქი… მგზავრობასაც ვერ გაუძლებსო, ამბობდნენ, მაგრამ ავსტრიაში გადამაფრინეს… სიკვდილს გამომტაცეს ხელიდან… დიალიზზე შემართეს…“

თამუნა ქორქია ორი წელი ელოდებოდა თირკმლის გადანერგვას და შვიდსაათიანი ოპერაციის შემდეგ, როდესაც გადანერგვა დასრულდა და გამოჯანმრთელდა, ექიმებმა უთხრეს, რომ მას დიაბეტი აღარ აქვს… „აღარასდროს არ ვარ ცუდ ხასიათზე“, აღნიშნავს თამუნა ინტერვიუში.

(ფოტო/ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები