მსახიობი თამრიკო დათუაშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ მერის როლში გამოჩნდა, რომელსაც კატოს მამა გაიცნობს და ძალიან მოეწონება. პოპულარულ სერიალში მონაწილეობაზე დათანხმება ქალბატონ თამარს ოჯახის წევრებმა ურჩიეს.
მაყურებელს ღია ფერის თმით ახსოვხართ და ვერ გიცნეს. როგორ მოხვდით „ჩემი ცოლის დაქალებში“?
თამრიკო დათუაშვილი:
ვარ ამ სერიალის დიდი ხნის მაყურებელი. დამირეკა კასტინგის ხელმძღვანელმა, ეკა მჟავანაძემ, რომელიც ამ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს და ზუსტი მიგნებები აქვს. დავთანხმდი, რადგან სერიალი მომწონს და თანაც, მითხრა, რომ როლს განვითარება ექნებოდა და არ იქნებოდა ერთჯერადი. შვილები, შვილიშვილები მეხვეწებოდნენ, არ გაბედო უარის თქმაო. ბევრჯერ მითქვამს შეთავაზებებზე უარი, რადგან მათთვის მიმექცია ყურადღება. შესაძლოა, არც იყო ასეთი საინტერესო შეთავაზება.
მეუღლემ, ზურა ცინცქილაძემ, რა გითხრათ?
არ არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ამ შეთავაზებით და წინააღმდეგი არ ყოფილა.
გადაღებების პირველი დღე გაიხსენეთ…
პირველი დღეც კარგი იყო და ასევე შესანიშნავად გრძელდება. კარგი ატმოსფეროა, არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი იყო. ჩემს პარტნიორს, ნუზაგ ერგემლიძეს ვიცნობ დიდი ხანია, ვიცი, რომ სეზონის ბოლომდე იქნება ჩემი გმირი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი გზა.
როგორია თქვენი პერსონაჟი?
რა თქმა უნდა, ჩემგან ძალიან განსხვავებული. ის მოიტაცეს, უსიყვარულოდ გათხოვდა, შეიცოდებს კიდეც ნუგზარ ერგემლიძის პერსონაჟი, უი, ჩემო მტრედო, როგორ უსიყვარულოდ გიცხოვრიაო. მერე მამამ ვიღაცას მიათხოვა… ქალურია, უსიყვარულოდ მყოფი და სიამოვნებს კაცის ჯენტლმენობა, რაც ნაგვის ურნასთანაც კი იგრძნო. შემდეგ სერიებში უფრო მეტად იპრანჭება (იღიმის). სიარულის მანერაც კი ეცვლება. მეტს ვერაფერს გეტყვით.
თქვენი ოჯახის წევრებმა როგორ შეგიფასეს როლი?
ყველა შეთანხმდა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ყველა მეუბნება, მოგვწონსო. დამაჯერებლად მატყუებენ (იღიმის).