თამარ ყაველაშვილის სევდიანი ისტორია: ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი მალე გარდაიცვლებოდა

0
1759

თამარ ყაველაშვილის ისტორიამ გუშინ „ნიჭიერის“ მაყურებელი და ჟიურის წევრები აატირა. დედოფლისწყაროელმა ქალბატონმა საკუთარი შვილის ისტორიით გულგრილი არავინ დატოვა და პროექტის ნახევარფინალში ოქროს ღილაკის მეშვეობით მოხვდა. თამარ ყაველაშვილი საკუთარი პირადი ისტორიის შესახებ „მუზიკბოქსს“ ესაუბრა.

– პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ, თბილისში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. სხვადასხვა კომპანიებთან ვთანამშრომლობდი, მაგრამ დაახლოებით ორი წლის წინ საცხოვრებლად სოფელ ოზაანში გადავედი და ახლა იქედან ვთანამშრომლობ ჩემს ერთგულ კომპანიებთან. ასევე, მყავს მოსწავლეები, რომლებსაც კომპიუტერულ პროგრამებს ვასწავლი.

– რატომ გადახვედით საცხოვრებლად ოზაანში?

– ჩემს შვილს იშვიათი დიაგნოზი აქვს, ეპილეფსიის, რომელსაც სუფთა ჰაერი სჭირდება, ამიტომ როდესაც დათის დიაგნოზი გახდა ჩემთვის ცნობილი, დავტოვე ყველაფერი და საცხოვრებლად სოფელში გადავედი.

– რა ასაკში დაუსვეს დათის რთული დიაგნოზი?

– 20 დღის იყო როდესაც ექიმებმა რთული დიაგნოზი დაუსვეს, ეს ეპილეფსიის იშვიათი ფორმა არის. მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის ეს დიაგნოზი, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი მალე გარდაიცვლებოდა კიდეც, მაგრამ ერთი წამითაც არ დამიკარგავს იმედი. დღემდე დათის ვუძღვნი ყველაფერს და მგონია ყველაფერი კარგად იქნება. დათი ახლა 3 წლის არის, თავიდან არც ესმოდა, ვერც ხედავდა. ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის უებარი საშუალებაა კლასიკური მუსიკა, ჯერ ვასმენინებდი კლასიკას, შემდეგ ავყევი არიებს და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ თავადაც მქონდა სიმღერის ნიჭი. მითუმეტეს მაშინ როდესაც ერთი წლის შემდეგ ვნახე, რომ დათის რეაქცია ჰქონდა მუსიკაზე. თვითნასწავლი მომღერალი ვარ, ადრეც კი არ მივლია პედაგოგთან, რადგან მეგონა რომ მუსიკალური ნიჭი არ მქონდა.

– მხოლოდ ერთი შვილი გყავთ?

– არა, დათი ჩემი მეორე შვილია, უფროსი ქალიშვილი მყავს.

– მარტო ზრდით ბავშვებს?

– კი მარტო ვზრდი. დათიზე ორსულად როცა ვიყავი, მაშინ დავრჩი მარტოხელა დედა. მანამდეც ხშირად იყო ასეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ოჯახში წამყვანი მე ვიყავი. ის ხან იყო ჩვენთან და ხან არა.

– „ნიჭიერში“ გამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

– რატომღაც მომინდა ჩემი ისტორია მთელი ქვეყნისთვის მომეთხრო, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რადგან დათი ეპილეფსიით არის დაავადებული ის დავმალო. არც ველოდი თუ მოვხვდებოდი შემდეგ ტურში, ჟიურის რეაქცია ჩემთვის გულისამაჩუყებელი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here