თამარ ჩიგოგიძე “ოქროს ტალღის“ მნიშვნელობის შესახებ

0
107

წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 23 ივნისს კლუბ “ოტიუმში “ გაიმართება. მუსიკალური კონკურსი “ოქროს ტალღა“, რომლის მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, რადიოჰოლდინგმა “ფორტუნამ“ 2013 წელს დააფუძნა. კონკურსი წელს მესამედ იმართება და 2015 წლის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სიმღერის, შემსრულებლების, დუეტების და ჯგუფების გამოვლენას ითვალისწინებს.

“ოქროს ტალღის“ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ის გახლავთ, რომ სიმღერის პრემიერა “ფორტუნას“ ოთხი რადიოსადგურიდან ერთ-ერთში უნდა იყოს გამართული. თუმცა რადიოჰოლდინგის მასშტაბების გამო, თითქმის ყველა ქართველი შემსრულებელი, ჯგუფი თუ ანსამბლი საკუთარს სიმღერებს პირველად სწორედ “ფორტუნას“, “ფორტუნა პლუსის“, “არ დაიდარდოს“ და “ავტორადიოს“ ეთერში წარადგენს.

მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიის მნიშვნელობის შესახებ რადიოჰოლდინგის გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე გვესაუბრება.

თამარ ჩიგოგიძე:

“ოქროს ტალღის“ დაფუძნების იდეა მრავალი წელია არსებობს. ჩვენი ჰოლდინგი რადიობაზრის ლიდერია. 19 წელია ვარსებობთ და ვმაუწყებლობთ მთელი საქართველოს მასშტაბით. მიგვაჩნია, რომ გვაქვს ვალდებულება, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას და განვახორციელოთ მსგავსი პროექტები.

თავადაც ხედავთ, როგორი მცირეა ქართველი მუსიკოსების მოტივაცია, რადგან სამწუხაროდ, მათ არ აქვთ შესაბამისი უკუგება. ზოგიერთმა შემსრულებელმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიაშურა, რადგან იქ აქვთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც საქართველოშია და ჩვენი მიზანია მათი მხარდაჭერა და წახალისება. ქართულ სიმღერას საკუთარი სპეციფიკა აქვს. ის, ძირითადად, ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. რომ არა კონკურსები, კონცერტები, მუსიკალური პროექტები, სად წარმოაჩენდნენ ქართული შოუბიზნესის წევრები საკუთარ შემოქმედებას?

აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის “ოქროს ტალღა“ სრულიად არაკომერციული პროექტია. ამას ვაკეთებთ მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე. ყველა მუსიკალურ პროექტს მივესალმები. მათ შორის ტელეპროექტებს, სადაც ახალი შემსრულებლების წარმოჩენა ხდება. ეს მათთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა. რადიოჰოლდინგიც აკეთებს ამას, მაგრამ განსხვავებული მიმართულებით. ქართველ კომპოზიტორებს ვახალისებთ და გვსურს, მათ მეტი სიმღერა დაწერონ…

ცნობილი გახდა, რომ წელს ნომინაციების რაოდენობა გაიზარდა…

ყოველ წელს სხვადასხვა ნომინაციაა იმის მიხედვით, რა ჟანრებში შეიქმნა სიმღერები, როკი ჭარბობს თუ პოპი. თუკი ჩვენს რადიოსადგურებში შემოვიდა მხოლოდ რამდენიმე სიმღერა, მაგალითად, როკის ჟანრიდან, მაშინ სხვა ნომინაციაში ვაერთიანებთ. ნომინაციების ჩამონათვალი მზადდება იმის მიხედვით, რის საშუალებასაც იძლევა შესაჯამებელი წელიწადი. 23 ივნისს, “ოტიუმში“ “ოქროს ტალღაზე“ 2015 წელს შევაჯამებთ. ამჯერად, სულ 17 ნომინაციაა.

გვყავს საპატიო ჟიური. მის წევრებს ვაწვდით სიმღერების მთლიან ბაზას და ისინი ავლენენ ნომინაციების გამარჯვებულებს. წლის სიმღერასაც ისინი გამოავლენენ, რადგან ჩვენ მუსიკის ექსპერტების კომპეტენტურ შეფასებას ვეყრდნობით. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა 74 ნომინანტი უკვე შეარჩია. ცალკეა კატეგორიაა “ხალხის რჩეული“. კონკურსის ვებგვერდზე www.goldenwave.ge ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის გამოვლენაში და საკუთარი ხმა დააფიქსიროს.

როგორია ქართველი შემსრულებლების აზრი “ოქროს ტალღის“ შესახებ?

ყველამ იცის, რომ ეს სახალხო პროექტია. თავადაც უხარიათ, რომ აქვთ მონაწილეობის შესაძლებლობა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონკურსში ძალიან ჯანსაღი გარემოა და “ოქროს ტალღის“ ირგვლივ პოზიტიური აზრი არსებობს.

კონკურსი მომავალშიც გაგრძელდება. ვიმედოვნებ, რომ “ოქროს ტალღა“ დამკვიდრდება როგორც მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება და ყველა მუსიკოსს ექნება სურვილი, შექმნას ახალი სიმღერები და მოიპოვოს გამარჯვებულის ტიტული…

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here