20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

სუხიშვილების სოლისტის იდუმალი ფოტოსესია სასაფლაოზე

თამარ ხურცილავას არჩევანი მსახიობობასა და მოცეკვავეობას შორის

სუხიშვილების სოლისტი თამარ ხურცილავა ცნობილ ანსამბლში 14 წლიდან ცეკვავს. მართალია, რამდენიმე წელი საყვარელ საქმიანობას ჩამოშორებული იყო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სურვილით. პროფესიით მსახიობს არასდროს სურდა, რომ არჩევანი მოცეკვავეობასა და მსახიობობას შორის გაეკეთებინა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ანსამბლში ცეკვა აღარ გააგრძელა და 4 წელი ”სუხიშვილების“ შემადგენლობაშიც აღარ ყოფილა. მუშაობდა თეატრში, ავტორადიოში, წამყვანად. თუმცა შემდეგ კვლავ ანსამბლს დაუბრუნდა…

კითხვაზე, როგორ გაძლო ცეკვის გარეშე, ღიმილით გვპასუხობს, ”ძალიან რთული იყო, მაგრამ მსახიობობაც იმდენად საინტერესოა… ორივე პროფესია ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. თეატრში ვმუშაობდი, ახლა აღარ, მაგრამ შეხება მაქვს სარეკლამო კლიპებით, ახლა ველოდები ფილმში როლზე დამტკიცებას, უფრო მეტ შემოთავაზებას ველი და ამისთვის მზად ვარ. მოცეკვავეობას ბევრი დრო მიაქვს, ყოველდღიურად ვარჯიშობ, მოგზაურობ, მაგრამ მაინც მოვახერხებ მსახიობობასთან შეთავსებას“.

თამარის გამორჩეული გარეგნული მონაცემების გამო მასთან ბევრი ფოტოგრაფი თანამშრომლობს. ჩვენი ყურადღება მისმა ფოტოალბომებმა მიიქცია. ერთი ეგვიპტელმა ფოტოგრაფმა, ჰალედ ზონმა თბილისში გადაუღო, რუსთავის გზატკეცილთან, ერთ-ერთ ადგილას, მეორე კი, ქართველმა ფოტოგრაფმა – ლეკო ჭყონიამ, მონაზვნის ფორმაში, საბურთალოს სასაფლაოზე.

”მე და ლეკოს გვინდოდა ერთობლივი ფოტოსესიის გაკეთება. მან მოიფიქრა, რომ გადავეღე მონაზვნის ფორმაში. მართლმადიდებლურ თემას გვერდი ავუარეთ და კათოლიკე მონაზვნის სამოსი მოვირგე. შავ კაბას თავად მივაკერე მანჟეტები, ”ნანილაში“ რომ თავსაბურავები გვაქვს, მსგავსი შევკერე.

“ყოველთვის მეშინოდა სასაფლაოზე ყოფნის, მაგრამ გადაღებების პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ არ შემშინებია…“ – ამბობს თამარი ჩვენთან საუბრისას.

ლევან ჭყონიას ამ ფოტოსესიას მალე ვიხილავთ, რადგან ფოტოგრაფი გამოფენას გეგმავს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები