“სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის“ მოცეკვავეები, ამჯერად ცეკვის ნაცვლად დეფილესთვის ემზადებიან. ისინი 19 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულს, გრანდიოზული შოუთი გახსნიან, სადაც ნინო რამიშვილის სამოსს წარმოადგენენ. ნინო რამიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილობით და არისტოკრატულობით. „შანელის“ და სხვა დიზაინერების სამოსს, ხშირად უხამებდა აზიური სტილის ტანსაცმელს და მუდმივად ელეგანტურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით, თავსაბურავები უყვარდა.
„სახლიდან გასვლის წინ, დაახლოებით ერთი საათი ემზადებოდა ჯადოსნური სარკის წინ. ეს მისთვის რიტუალი იყო. როდესაც კონცერტზე გამოდიოდა, ყველა ელოდებოდა ე.წ. მესამე განყოფილებას, სადაც არაჩვეულებრივი კაბებით გამოდიოდა მაყურებლის წინაშე“-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ნინო სუხიშვილმა.
მისი თქმით, ნინო რამიშვილის ე.წ. მესამე განყოფილებიდან, დეფილეზე წარმოსადგენად 14 კაბა თავად შეარჩია.
„მე ყველა მოცეკვავეში ხან ილიკოს და ხან ნინოს ვხედავ. მათი ფოლკლორში შერეული, ელეგანტურობა და არისტოკრატიზმი, ყველა ჩვენს მოცეკვავეს აქვს“.
თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორის, თაკო ჩხეიძის განცხადებით, ეს იდეა დიდი ხნის წინ, გაჩნდა.
„ეს იდეა დიდი ხნის წინ დაგვებადა. ახლა ამას დაემთხვა თბილისის კოლორიტული უბნის რესტავრირება, სადაც გამოიფინება ნინო რამიშვილის კოსტიუმები“.