სტეფანე: “ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის და არ სცხელათ მუსიკისთვის…“

0
22

სტეფანე მღებრიშვილმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ქავერი ქეთათო ჩარკვიანის მონაწილეობით ჩაწერა. ის მისთვის განსაკუთრებული მუსიკოსია. “ისტორიას დარჩება“ რადიო “არ დაიდარდოში“ უკვე ტრიალებს.

სტეფანეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

სტეფანე:

მე და ქეთათო “ვერის უბნის მელოდიებში“ ერთად ვმონაწილეობდით, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა რეპეტიციები. გვქონდა ურთიერთობა გენიალურ ადამიანებთან. ერთ დღეს ჩემთან მოვიდა და მკითხა, ყველა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს ასრულებს და შენ რატომ არ აკეთებ ქავერსო. დავპირდი… შემდეგ, როცა “ბრავო“ მიმყავდა, გადავწყვიტე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ჩაწერა. “ისტორიას დარჩება“ მას შემდეგ უამრავჯერ შეასრულეს. მე სტუდიაში მისი ჩაწერა ბოლომდე არ მიმიყვანია და ახლა გადავწყვიტე მისი დასრულება “ბრავო რეკორდსში“. ქეთათოს დავუძახე, რომელმაც რეჩიტატივი დაადო.

კმაყოფილი ხარ?

ასე არ ხდება, როცა შემოქმედი ადამიანი, მუსიკოსი ხარ. პრინციპში, ეს სიმღერა შედგა და ასეთი ფორმით გავაკეთე მე, ალბათ, ჩემს ისტორიას დარჩება (იღიმის).

რატომ არ ჩანხარ ხშირად?

უფრო მეტად, როგორც პროდიუსერი, ასე ვარ დაკავებული. ეს მაკმაყოფილებს და საინტერესოა. არის შემთხვევები, როცა ადამიანი სხვაში პოულობს ბევრ რამეს, ვიღაც სხვას შესაძლოა, არ ჰქონდეს შენნაირი კრეატიული გონება, მაგრამ ჰქონდეს ჩასაჭიდი. ასეთი რამ ყოველთვის მეტად შთამაგონებს.

დღეს ქართული შოუბიზნესი რა ეტაპზეა?

ამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ის არ არსებობს და ახლაც ასეა (იღიმის). საკმაოდ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ღმერთმა ქნას, რომ შოუბიზნესი აქაც განვითარდეს, თუმცა ასეთ მცირე სივრცეში, ბილეთის ყიდვის, ხელოვნების აღქმის კულტურა მცირეა. მით უმეტეს, სოციალური ფონი დაბალია, ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის და არ სცხელათ მუსიკისთვის, მათ შორის მუსიკოსებსაც. არ ვარ წინასწარმეტყველი, რომ ვთქვა, რა იქნება შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ენთუზიაზმით ვარ სავსე… ვმუშაობ ახალ პროექტზე, თუმცა ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ.

შენთვის საინტერესო მუსიკოსები თუ მოიძებნებიან ამ არარსებულ ქართულ შოუბიზნესში?

საინტერესო მუსიკოსები საქართველოში ყოველთვის არიან და იქნებიან. ამას არაფერი გამოლევს. ბევრია ისეთი, ვისთან მუშაობითაც ბედნიერი ხარ.

ხშირად მოგზაურობ…

საკმაოდ. წინა წელი ამ მხრივ ძალიან დატვირთული მქონდა. საქართველოში უფრო ნაკლები დრო გავატარე, ვიდრე საზღვრებს გარეთ. ადამიანს აუცილებლად სჭირდება მოგზაურობა, რომ რაღაცაში გაერკვეს… გაერკვეს, რა უნდა. მით უმეტეს, მე ხშირად ვმოგზაურობ მარტო, ეს ინსპირაციისთვის მჭირდება.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here