მზად ხარ დაამარცხო გრავიტაცია? – თუ კი, მაშინ მოემზადე, რადგან Black Sea Arena და Live Nation-ი შეკვეთილში ზაფხულის მუსიკალურ სეზონს წარმოგიდგენთ. აყევი ვარსკვლავებს, შეუერთდი მუსიკალურ ორბიტას!
OneRepublic / 10 მაისი / Black Sea Arena
2024 წლის თანავარსკვლავედის 4 ბენდი უკვე ცნობილია. Starring Georgia – ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ როკ ბენდი OneRepublic-ი გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კომპოზიციას Apologize უკავშირდება, რომელმაც ბენდს პირველი გრემის ნომინაცია და სადებიუტო ალბომის გამოცემის მოტივაცია მისცა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი Ryan Tedder, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიცაა: Beyoncé, Adele, Taylor Swift, Maroon 5, James Blunt და სხვა.
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდის მოსმენის შესაძლებლობა, ქართველ მელომანებს პირველად საქართველოში Black Sea Arena-ზე ექნებათ.
Scorpions / 31 მაისი / Black Sea Arena
Scorpions – გერმანული, ლეგენდარული ჰარდ-როკ ბენდი, რომელმაც Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო, შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. ყველა ასაკისა და თაობისთვის საყვარელი შემსრულებელი ათეულობით მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
Jungle / 18 აგვისტო /Black Sea Arena Front Stage
Brit Award-ის გამარჯვებული Jungle Black Sea Arena Front Stage-ზე წარდგება და შეკვეთილს საზაფხულო, ველური ენერგიით აავსებს. ქართულმა აუდიტორიამ ბრიტანული ბენდი ყველასთვის საყვარელი ჰიტით – Casio გაიცნო. თანამედროვე, მუდამ განვითარებადი ბენდი ყოველწლიურად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება, რისი დამსახურებითაც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებსა და საკონცერტო დარბაზებში ხშირად გვხვდება.
დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც 29 მარტის დილის 10 საათიდან ვებგვერდებზე -BSA.ge და TKT.ge შეძლებთ OneRepublic-ია. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ.
უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით , Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia – ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.
როგორც Black Sea Arena -ს დირექტორმა ტატო ხარჩილავამ „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა, მომდევნო კვირას კიდევ ერთი შემსრულებლის ვინაობა დასახელდება.
„სეზონი დაიწყება 10 მაისს, რომელსაც გახსნის OneRepublic, ჯგუფი, რომელსაც 4 წელი ველოდებოდით. ორჯერ იყო მისი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმილი და ჩვენთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, სეზონის ამ ჯგუფით გახსნას. ერთხელ მათი ჩამოსვლა პანდემიის გამო გადაიდო, მეორედ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. მაისის თვე მათი ჩამოსვლით არ დასრულდება. მაისშივე მაყურებელი იხილავს Scorpions -ს. ისინი მეორედ ჩამოდიან საქართველოში გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შოუ, რომელიც მათ ჰქონდათ, კარგი გამოხმაურება ჰქონდა და გვთხოვდნენ მათ მეორედ ჩამოყვანას“. – აღნიშნა ტატო ხარჩილავამ.
Starring Georgia-ს პროგრამების მენეჯერი ციცი იაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კიდევ რა ღონისძიებები გველოდება წელს შეკვეთილში.
„წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულად საპასუხიმგებლოა Black Sea Arena -ს და Starring Georgia-ს გუნდისთვის.. მარტივი არაა გააგრძელო იმ ემოციებიდან, რაც გასულ წელს იყო. უკვე დასახელებულის გარდა 2024 -ის სეზონზე კიდევ რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დასაანონსებელი. ერთი საერთაშორისო და ორი ქართული ღონისძიება იგეგმება. ამას კიდევ დაემატება თბილისის ღონისძიებები“. – აღნიშნა Starring Georgia-ს პროგრამების მენეჯერმა ციცი იაშვილმა „მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში.