სოფო ბედიამ მისი იდეით შექმნილი ვიდეოს კრიტიკას “ფორტუნას” საიტთან უპასუხა.
ჩვენთან ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ ჰიმნი, რომელზეც გადაღებული კლიპი მაყურებელმა გუშინ იხილა, ნაუცბათევად, ბევრი ადამიანის შრომისა და გათენებული ღამეების შედეგად შეიქმნა და წუხს, რომ სიკეთე ბოროტებად შემოუტრიალდათ.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოში ცნობილი მომღერლები მონაწილეობენ, სიმღერა კაკი ბოლქვაძემ და ნანა ცინცაძემ დაწერეს. კლიპის რეჟისორი კი ბესო კვარაცხელიაა.
სოფო ბედია:
“ეს სიმღერა საზოგადოებას მივუძღვენით. გვინდოდა, ამ რთულ პერიოდში ადამიანებისთვის პოზიტიური, კეთილი სიმღერა მიგვეძღვნა და საზოგადოება დადებითად განგვეწყო.
კლიპის რეჟისორი ბესო კვარაცხელიაა, მაგრამ აქ რეჟისორობაზეც არ არის საუბარი, ამ მოკლე დროში რისი საშუალებაც იყო, ისე გაკეთდა. სახლში გადავიღეთ ჩვენ თვითონ კადრები, შემდეგ ბესომ შეკრიბა და დაამონტაჟა ის კადრები, რაც ტელევიზიით ყველა ჩვენგანს უნახავს, მათ შორის პატრიარქის, ჩვენი ექიმების გამოსვლები, მადლიერების ტაში და ა.შ. ძალიან მოკლე დროში, ნაუცბათევად ჩავწერეთ და გადავიღეთ. სიმღერა სტუდიაში ერთ დღეში ჩაიწერა, მეორე დღეს კი კლიპი გადავიღეთ და დავამონტაჟეთ. ორი დღე და ღამე არ გვიძინია…
ძალიან ბევრ მომღერალს დავურეკე, მხოლოდ მათ არა, ვინც ვიდეოშია… ზოგი ქალაქში არ იყო, ზოგმა სტუდიაში მოსვლას შეგნებულად აარიდა თავი, შიშის გამო, ასაკიანია თავად ან შინ ჰყავს მოხუცებული და ეს სრულიად გასაგები იყო ჩემთვის, არ მწყენია. კლიპში ის მომღერლები არიან, ვინც მოსვლა მოახერხა.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სრულიად აპოლიტიკური სიმღერა. ჩემი იდეით გაკეთდა და არანაირი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია, მინდა, ეს ყველას ავუხსნა, ვინც ასეთ მოსაზრებებს გამოთქვამს.
ძალიან საწყენია ეს გამოხმაურებები. გაუგებარია, რატომ განიხილავენ იმ ნამუშევრის ხარისხს, რომელიც ორ დღეში შეიქმნა?!. რა ხარისხზეა აქ საუბარი? ოჯახში გვაქვს გადაღებული და მინდოდა, ბუნებრივი კადრები ყოფილიყო. თანაც, რომ ლაპარაკობენ, სოფო ბედია ქმარ-შვილთან ერთადააო, უკვე მიჩვეული ვარ, რომ მიშა მესხთან ვასოცირდები და მასზე გავრცელებულ ხუმრობებზე ორივეს გვეცინება, მაგრამ სხვებიც არიან ამ კლიპში ოჯახთან ერთად გადაღებულები…
მინდოდა, ჩვეულებრივი კადრები ყოფილიყო, არა გადაპრანჭული და არა აღლიცინებული.
რაც შეეხება სიმღერას, ვფიქრობ, ფანტასტიკური მელოდიაა, არანჟირებაც შესაბამისი, რაც მოსწერო ამ მოკლე დროში და ასევე ნანა ცინცაძის კომპეტენციაში, იმედია, არავის ეპარება ეჭვი…
ისე ვინერვიულე, ორი საათის წინ დავიძინე და ახლა ზარებმა გამაღვიძა. მე და კაკი ბოლქვაძე ვუყურებდით კლიპს და გაკვირვებულები ვართ, სიკეთე ბოროტებად რატომ შემოგვიტრიალდა.
სოფო, კოლეგებმაც გაგაკრიტიკეს. მათ რას უპასუხებ?
არავის დავასახელებ. არც იქ მიპასუხია, სადაც დაწერეს. გულდასაწყვეტია. ყველამ იცის, როგორი ადამიანი ვარ. თუ რამე არ მომეწონა, არ ვიტყვი, მით უმეტეს, საჯაროდ… სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები ამ ღლიცინს აჰყვნენ და არაფერი გაითვალისწინეს. უბრალოდ, ძალიან “ტეხავს”, მერე თვალებში როგორ შემოგხედავენ. წერონ და იღლიცინონ. საჭიროდ არ ჩავთვალე, გამოვხმაურებოდი.
ნინო მურღულია