შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი 2 სექტემბერს დაიხურება

0
1713

ამ წუთებში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ღონისძიება, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, ხვალ, 2 სექტემბერს, დასკვნითი საღამოთი სწორედ „ბლექ სი არენაზე“ დაიხურება.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დირექტორი ანა კავლელიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ესპანელი ფოლკლორისტი პოლო ვალეხო ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალაკონცერტის დეტალებსა  და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ტარდება და  წელს, გურიასთან ერთად,  აჭარაც მასპინძლობს. ფესტივალმა სტარტი გუშინ, ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ასევე გაგრძელდება დღეს, 1-ელ სექტემბერს, 17:00 საათზე ურეკის კულტურის სახლში. კონცერტში, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა,  მონაწილეობენ ქართული ფოლკლორული ჯგუფები: „შემოქმედი“, „რეხეული“, „ამაღლება“, „ადილეი“, „ძირიანი“, „შილდა“, ასევე ფესტივალში მონაწილე შემსრულებლები უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და  თურქეთიდან.

ამავე დღეს, დაგეგმილია რეპეტიციები „Black Sea Arena“-ს სცენაზე, სადაც ყველა მონაწილე საკუთარ ნომერს შეასრულებს  ხმის და  კონცერტის რეჟისორთან ერთად. ფესტივალი 2 სექტემბერს,  გრანდიოზული გალაკონცერტით Black Sea Arena-ზე დასრულდება.  მნიშვნელოვანია, რომ გალაკონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან – ფლამენკოს შემსრულებელი ჯგუფი „La Moneta &  Flamenco“ სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალაკონცერტზე, 2 სექტემბერს წარდგება მაყურებლის წინაშე.  მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. საქართველოს კი ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“ წარმოადგენენ.

 

წელს ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 ქვეყანას მასპინძლობს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ,  ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  „Black Sea Arena“-ს,  „Check in Georgia“-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here