31 მარტს თბილისში სილამაზის კონკურსი „მის ტრანსგენდერი 2017“ გაიმართება. სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი ლგბტ საქართველო და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ნატალია მაჭარაშვილია. რა კრიტერიუმებით შეარჩევენ ქვეყნის ულამაზეს ტრანსგენდერს ამის გასარკვევად ღონისძიების ორგანიზატორს ვესაუბრეთ.
– მე ვარ სილამაზის კონკურსის „მის ტრანსგენდერი 2016“-ის გამარჯვებული. ამიტომ მინდა ჩემი გვირგვინი თავად გადავცე წლევანდელ გამარჯვებულს. ღონისძიების ორგანიზატორი წელს მე და „ლგბტ საქართველო“ ვიქნებით.
– ბევრმა ტრანსგენდერმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი?
– დღის ბოლომდე აქვთ ტრანსგენდერებს დარეგისტრირების საშუალება. ჯერჯერობით 12 კონკურსანტი დარეგისტრირდა. ჩვენ თვითონ არავისთვის შეგვითავაზებია სილამაზის კონკურსზე გამოსვლა.
– სად ჩატარდება კონკურსი და ვინ იქნება ჟიურის შემადგენლობაში?
– ღონისძიების ჩატარების ადგილს ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან არ გვინდა ჰომოფობები მოგვივარდნენ. ჟიურის რაც შეეხება, მის შემადგენლობაში სულ 5 ადამიანია.
– ვის კოსტიუმებს გამოიტანენ კონკურსზე მონაწილეები?
– რასაც უნდათ იმას ჩაიცმევენ, უნდათ კაბა ჩაიცვან, უნდა შარვალი, თავისუფალი არჩევანი აქვთ. ღონისძიების ვიდეოგადაღება არ მოხდება, ეს ტრანსგენდერების სურვილია რადგან ზოგიერთი მათგანის ოჯახის წევრმა არ იცის, რომ ისინი ტრანსგენდერები არიან.
– რის მიხედვით შეარჩევთ ქვეყნის ულამაზეს ტრანსგენდერს?
– სილამაზის კონკურსია, შესაბამისად სილამაზის და ჩაცმულობის მიხედვით შევარჩევთ საუკეთესოს.