“სამი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში და არსად აღარ ვაპირებ წასვლას“

0
1798

მომღერალი აჩიკო მეფარიძე 14 თებერვალს „ასა ჰოლში“ კონცერტს გამართავს. რა სიახლეებს სთავაზობს მონატრებულ თაყვანისმცემლებს მომღერალი, ამის შესახებ ის „არ დაიდარდოს“ ესაუბრა:

– მე მინდა გითხრათ, რომ ხანგრძლივი პაუზა დასრულდა, საახალწლოდ ბევრი კონცერტი მქონდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ასევე გასტროლები მქონდა მიუნხენში, ყველა კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, მისი ჩატარების იდეა, გია გუმბერიძეს ეკუთვნის. სიახლეებს ვპირდები ჩემს თაყვანისმცმემლებს, კონკრეტულად ახალ ჩაწერილ სიმღერებს არ შევასრულებ, მაგრამ ბევრი ისეთი სიმღერა შესრულდება, რომელიც ზოგიერთ მსმენელს არ აქვს მოსმენილი. ეს ჩვეულებრივი მომენტია, მომღერალმა სიახლე ყველა კონცერტზე უნდა შესთავაზოს საკუთარ მსმენელს.

– საზღვარგარეთ გაქვთ დაგეგმილი კონცერტები?

– ახლა მივემგზავრები გერმანიაში. 9 მარტს მიუნხენში გავემგზავრებით მე და ზურა ხაჩიძე. ბოლო დროს ხშირად მაქვს გასვლითი კონცერტები. ემიგრანტებთან შეხვედრა, ძალიან მგრძნობიარეა ჩემთვის. საკუთარი სამშობლოდან მოწყვეტილ ხალხს, სულ სხვა შეგრძნებები აქვს.

– როგორ ფიქრობთ, რატომ გაიზარდა ისევ ინტერესი ქართველი მომღერლების მიმართ, მოენატრეთ მაყურებელს?

– ამას მთლად მეც ვერ ვხსნი. ბაკურიანში სამი კონცერტი მქოდნა ზედიზედ, სულ სავსე იყო დარბაზები და ისეთმა ახალმა თაობამ იცოდა ჩემი სიმღერები, რომლებიც ალბათ მცირეწლოვან ასაკში იყვნენ, როცა ძველი ჰიტები ჩავწერე. ჩემთან ერთად მღეროდა მთელი დარბაზი. ბოლო წლები არ მიცხოვრია საქართველოში და რა არის ამის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ალბათ დიდი ინტერესი აქვთ და ამიტომ მოდის ბევრი ხალხი ქართველი მომღერლების კონცერტზე. იგრძნობა მათი დამოკიდებულება, რაც ძალიან სასიხარულოა.

– აღარ აპირებთ საქართველოს დატოვებას?

– სამი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში და არსად აღარ ვაპირებ წასვლას. ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს დაგეგმილი საქართველოში. შემოქმედებით გეგმებს რაც შეეხება, მინდა სოლო კონცერტის გამართვა, მოვახერხებ თუ არა ამას, სამ კვირაში გაირკვევა. თუ კონცერტს ჩავატარებ, ესეც ახალი სიტყვა იქნება ქართულ შოუ-ბიზნესში, ამის შემდეგ გადავიღებ ორ ახალ კლიპს და ალბომსაც გამოვუშვებ. მთავარია ჯერ გადაწყდეს ჩავატარებ თუ არა კონცერტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here