“ვოისის“ გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წევრი, გიორგი ნადიბაიძე გახდა, თუმცა სხვა მონაწილეებიც არ დარჩენილან გულდაწყვეტილები. განსაკუთრებით ნოდიკო ტატიშვილის გუნდის წევრს, რადიოჰოლდინგმა “ფორტუნამ“, რომელიც “ვოისის“ მხარდამჭერი გახლდათ, ისეთი პრიზი გადასცა, რომელზეც ალბათ, ყველა მელომანი ოცნებობს – Coldplay-ს კონცერტის ბილეთი, რომელიც გერმანიაში იმართება.
სალომე დოლიძეს მიღებული ემოციების შესახებ ვესაუბრეთ.
ამ საჩუქარს ნამდვილად არ ველოდებოდი. Coldplay ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია, მათი უამრავი კომპოზიცია მიყვარს, განსაკუთრებით “Yellow“ ძველი ალბომიდან. მგონი, სახეზეც მეტყობოდა, როცა “ფორტუნასგან“ ამ საჩუქრის გადმოცემის შესახებ გამოაცხადეს, შოკში ჩავვარდი. კონცერტზე 29 ივნისს, ბერლინში მივემგზავრები და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემთვის (იღიმის). ძალიან დიდი მადლობა “ფორტუნას“ ასეთი საჩუქრისთვის.
ზოგადად, როგორ შეაფასებ გუშინდელ საღამოს?
სხვათა შორის, წინა ტურებისგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად გუშინ ვნერვიულობდი. არ ვიცი, რატომ. შესაძლოა, იმიტომ, რომ კონკურსი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ეს ბოლო გამოსვლა იყო. ყველა ჩვენგანისთვის მთავარი გახლდათ ის, რომ სიმღერები კარგად შეგვესრულებინა. ვფიქრობ, ასეც მოხდა და ამ შემთხვევაში უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელოვა პირველ და მეორე ადგილს, რადგან დასამახსოვრებელი საღამო გამოვიდა.
რა გეგმები გაქვს?
ბევრი გეგმა მაქვს, სხვათა შორის… ვაპირებ საკუთარი რეპერტუარის შექმნას, ვიდეოს გადაღებას. არ ვაპირებ გაჩერებას და იმას, რომ მაყურებელს თავი დავავიწყო (იღიმის).
ნინო მურღულია