სალომე ჭაჭუა: მაქსიმალურად ვცდილობ ისე მივცე შენიშვნები ადამიანს, რომ ცეკვას თავი არ დაანებოს

0
2817

„იმედის“ ეთერში გუშინ ახალი პროექტი „შენ შეგიძლია ცეკვა“ დაიწყო. პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, სალომე ჭაჭუაა, რომლის გამოჩენას გადაცემის პრომოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომე ჭაჭუა პროექტის შესახებ „მუსიკბოქსს“ ესაუბრა.

– ეს შოუ არის ყველასგან განსხვავებული მეგა-პროექტი. ქართულ საზოგადოებას საშუალება აქვს ნახოს სხვადასხვა საცეკვაო ჟანრები. ჩემთვის ძალიან რთულია ჟიურის ამპლუაში მუშაობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შემდეგ ტურში არ გადაგვყავს მონაწილე.

– გუშინდელ გადაცემაში თუ იყვნენ ისეთი მონაწილეები, ვისაც თქვენი ვარაუდით ფინალში ვიხილავთ?

– რა თქმა უნდა, ბევრი ასეთი მონაწილე ვნახეთ, მაგრამ ვინ მომეწონა ამას ვერ დავასახელებ. ჩემთვის ემოციური იყო პატარა გოგონას ისტორია, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება. იმ პირობების მიუხედავად, სადაც მას უწევს გაზრდა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს და წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე გვერდით დავდგომოდი.

– ობიექტური ჟიური ხართ თუ მკაცრი?

– ობიექტური ჟიური ვარ. ყოველთვის ველოდები კრიტიკას ჩემს მიმართ, ეს მეხმარება შეცდომების გამოსწორებაში. შესაბამისად სხვასაც გარკვევით ვუხსნი რა შეცდომები ჰქონდა. ობიექტურობა ყველაზე მთავარია. მაქსიმალურად ვცდილობ ისე მივცე შენიშვნები ადამიანს, რომ ცეკვას თავი არ დაანებოს.

– საინტერესოა რა ხდება პროექტის კულისებში, რასაც ეკრანზე ვერ ვხედავთ…

– ბევრი კურიოზული მომენტია. ხალისიანად გაგვყავს დრო. ჩემი წარდგენა არის სასაცილო. მიჩვეული ვარ, რომ სცენაზე სულ უნდა ვიცეკვო, ამიტომ როცა წარმადგენენ, კუნთებს ვახურებ და მაგ დროს მეუბნებიან: სად ბანაობ, არ ცეკვავ, დღეს ჟიურიში ხარო და მერე უკვე პირის აპარატს ვახურებ. თუ მომეწონა მუსიკა, ვდგები, ვცეკვავ და მეუბნებიანდ დაჯექიო.

– რას გვეტყვით ჟიურის წევრზე, ნათია რთველიაშვილზე?

– ჩემთვის დიდი პატივია ნათიასთან და ზაკთან მუშაობა. ნათიას ამერიკაში წარმატებული კარიერა აქვს, „რივერდანსის“ მოცეკვავეა. დუტაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. ჟიურის წევრები ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ და კონფლიქტში არ შევდივართ.

– როდესაც გადაცემის პრომო გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ჩაცმულობას, ელოდით ამას?

– არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. მიყვარს კლასიკური და ლამაზი კაბების ჩაცმა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ სპორტული სამოსი მაცვია, ამიტომ როცა მომეცა ამის საშუალება, სიამოვნებით ჩავიცვი. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს ამ კაბაში და მომწონდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here