ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-fm”-ის ონლაინ სტუმარია.
რა მდგომარეობაა გერმანიაში ახლა და როგორ ატარებთ თვითიზოლაციის დღეებს?
ყველანი ვიმყოფებით სახლში, თუმცა გამოკეტილი არ ვართ. სახლის წინ მაქვს ულამაზესი ბაღი, სადაც დროის ნახევარს ვატარებ, ასევე ვარ დაკავებული ვარჯიშით, იმისათვის რომ ვიყო ფორმაში. მუსიკას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სახლშიც ბევრი ინსტრუმენტი მაქვს, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი არ მქონდა მსახიობს იმის საშუალება, რომ მემღერა. აქ კი ჩამოყალიბდა ისეთი ტრადიცია, რომ სპექტაკლის შემდეგ ყოველ საღამოს ეწყობა მუსიკალური საღამოები. მქონდა იტალიური სიმღერის საღამო, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური საერთოდ არ ვიცი. ეს ყველაფერი კეთდებოდა თეატრის პარალელურად. ბოლო კონცერტი მქონდა – მოგზაურობა ევროპის გარშემო, ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა. პანდემიის გამო აგვისტოს ბოლომდე თითქმის ყველაფერი გამიჩერდა, სექტემბერში მაქვს კონცერტი გერმანიაში და დიდ დროს მას ვუთმობ. დიდი ხანია წიგნი არ წამიკითხავს, ახლა კი ამისთვის ძალიან კარგი დროა. ვცდილობ მაქსიმალურად მობილიზება გავუკეთო საკუთარ თავს. ძალიან გთხოვთ ყველამ თავს მივხედოთ და ჯანმრთელად ვიყოთ. დიდი იმედი მაქვს, მალე შევხვდებით საქართველოში.