Project Magda-მ გია ყანჩელის სიმღერის „საით მიდიხარ“ ახალი ვერსია ჩაწერა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა 25 ივლისს, „ელ ცენტროში“ შედგა. შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლების გარემოცვაში, ასევე ჯგუფის გულშემატკივრებისა და და კლუბის სტუმრების თვალწინ არა მხოლოდ ახალი პროექტის ვიდეო-აუდიო პრემიერა შედგა, არამედ „საით მიდიხარ“ ცოცხალი შესრულებითაც მოვისმინეთ, ჯგუფის სხვა რეპერტუართან ერთად.
Project Magda-ს წევრები არიან: ვოკალი – მაგდა ვასაძე; ბასი – ლაშა აბაშმაძე; გიტარა – ლევან შარაშიძე; დრამი – გიო კაპანაძე; კლავიში – დათო კაკულია. აღსანიშნავია, რომ ახალი ინტერპრეტაციისთვის კლავიშის პარტია ნიკა ადიკაშვილმა დაუკრა. სიმღერაზე ასევე მუშაობდა ალეკო ბერძენიშვილი.
Project Magda-ს ახალ კლიპს რეჟისორი არ ჰყავს. სიმღერის ახალი ვერსია ბასისტ ლაშა აბაშმაძეს ეკუთვნის და ვიდეორგოლის იდეაც მისია. როგორც საღამოს წამყვანმა, რადიო „ფორტუნას“ სახემ, ნიკა კაციამ სცენაზე გამოსვლისას აღნიშნა, ლაშას ორიგინალური გადაწყვეტით, კლიპს რეჟისორი არ უნდა ჰყოლოდა და საზოგადოების შეფასებით თუ ვიმსჯელებთ, კლიპს ამით არაფერი დაჰკლებია. სამაგიეროდ, ჰყავდა ახალგაზრდა ოპერატორი, ზურა ლოცულაშვილი, რომელმაც მონტაჟის რეჟისურაც შეითავსა, ხოლო კლიპის პროდიუსერი გახლდათ ნიკა კაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი მიმართულებები განსაზღვრა, საბოლოო შედეგის მისაღებად.
ვიდეორგოლში სასიყვარულო ამბავი ვითარდება, რომლის მონაწილეები ბექა რაზმაძე და თაკო დათუაშილი არიან. ლამაზი კადრებით გაჯერებული კლიპის დიდი ნაწილი ქალაქგარეთ არის გადაღებული, ნაწილი კი თავად კლუბში „ელ ცენტრო“.
Project Magda-ს სიმღერის ახალი ინტერპრეტაციის უფლება თავად კომპოზიტორისგან აქვს მოპოვებული. ვერსია საცეკვაო გახლავთ და კიდევ ერთხელ აცოცხლებს იმ მელოდიას, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ასე ნაცნობი და საყვარელია.