“რუსთავი 2”-ის დილის გადაცემამ თავისი ეთერი “ოქროს ტალღის” მიმოხილვას დაუთმო. მისი სტუმრები იყვნენ წლის სიმღერის დაჯილდოვების ავტორის, რადოოჰოლდინგ “ფორტუნას” პიარის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე, “ფორტუნას” მუსიკალური წამყვანი და ასევე ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი, ნია მოძმანაშვილი და ჯგუფ “new one”- ის წევრევი, დათუნა ბარნაბიშვილი და თიკა ბალანჩინი.
თათა სადრაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წელს “ფორტუნას” 20 წელი უსრულდება და წლის სიმღერის დაჯილდოვება, რომელიც უკვე მეოთხედ იმართება, გამორჩეული იქნება. მისი სპეციალური სტუმარი გახლავთ “მოჯოს” “ოქროს ხმად” წოდებული იან დესტალი. ნია მოძმანაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იქნება საღამო, რომელიც დამსწრე საზოგადოებას არასდროს დაავიწყდება. როგორც ნიამ აღნიშნა, “ოქროს ტალღაზე” მისულ სტუმრებს დახვდებათ “უფრო მეტი დღესასწაული”.
დათუნა ბარნაბიშვილმა ასევე ისაუბრა ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მუსიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მათი შექმნილი პროდუქტი ფასდება. ” კარგია, რომ ეს კონკურსი ტარდება და მივესალმები, რომ ჩვენც ვმონაწილეობთ. დიდი მადლობა “ფორტუნას”, რომელიც აკეთებს ამ საქმეს. ეს ძალიან დიდი ბიძგი იქნება ყველასთვის, ვინც ამ სფეროში მუშაობს”.
თიკა ბალანჩინის თქმით, მისი ჯგუფის წევრები ენთუზიაზმით ელოდებიან “ოქროს ტალღას”.
შეგახსენებთ, რომ წლის სიმღერის დაჯილდოვება 20 ივნისს მთაწმინდის პარკში გაიმართება.