5.8 C
Tbilisi
Wednesday, November 9, 2022

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები მოწევის აკრძალვას?

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, საპატიმროების და სახლის გარდა, მოწევა ყველა შენობაში იკრძალება. აღნიშნული კანონის ინიციატორი გუგული მაღრაძე იყო, პარლამენტმა მისი ინიციატივა პირველივე მოსმენით მიიღო. საინტერესოა როგორ ეხმაურებიან ამ ფაქტს ცნობილი ადამიანები.

კრისტი ყიფშიძე

მწეველი ვარ, მაგრამ ჩემთვის მისაღებია ეს ინიციატივა, სასიამოვნოა როცა რესტორანში ზიხარ და იქ არავინ ეწევა. სახლი შენი ტერიტორიაა და რაც გინდა გააკეთე, საზღვარგარეთ გარე კაფეებშიც კი არ შეიძლება მოწევა, თბილისში ბევრი მწეველი გვყავს,  შესაბამისად თუ გარე კაფეებშიც აიკრძალება მოწევა დიდ პროტესტს გამოიწვევს ეს, მაგრამ ნამდვილად მისასალმებელია მოწევის აკრძალვა.

 გურამ შეროზია

ჩემთვის მოწევის აკრძალვა მისასალმებელია და იმ სარგუმენტებსაც ჩამოგითვლით, რატომ მივესალმები ამას: 1. იმიტომ, რომ ჩემი კომფორტის გამო სხვები არ უნდა დაზარალდნენ 2. ყველგან თუ აიკრძალება, კონკურენტული გარემო არ შეიქმნება მოწევის გამო და ვინც თავისი ნებით თქვა უარი მწეველების დარბაზებზე – არ დაზარალდებიან 3. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა, თუმცა დისკომფორტი არ იქმნება 4. არჩევანზე თუ ვისაუბრებთ და თუ არ გინდა ნუ შეხვალო ვიტყვით, მიმტანებმა და სხვა პერსონალმა რა გააკეთონ, ვინც არ ეწევა და მაინც უწევს ბოლის სუნთქვა?

ბახვა ბრეგვაძე

მე დიდი ხანია აღარ ვეწევი, მაგრამ თუნდაც ისევ მწეველი ვიყო, მაინც მივესალმებოდი მოწევის აკრძალვას შენობებში. მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, თელ მსოფლიოში მიღებულია უკვე ეს კანონი. ხანდახან შეუძლებელია რესტორანში ან კაფეში შესვლა იმიტომ, რომ იქ საშინელი ბუღია. ვისაც უნდა მოწევა, გარეთ გავა და მოწევს, ეს კი ცალკე რიტუალი გახდება ქართველებისთვის, რადგან ახალ ნაცნობებს შეიძენენ.

ნინო კუზანოვა

მოწევა ცუდი ჩვევაა, ამას ვამბობ საკუთარი გამოცდილებიდან, ამიტომ ამ კანონს მივესალმები. ადამიანებს უნდა დავეხმაროთ ამ ცუდი ჩვევისგან გათავისუფლებაში. ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, მავნეა ჯანმრთელობისთვის და მთავრობამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ის დარტყმა, რაც ამას მოჰყვება მწეველი ადამიანებისგან. მე ვფიქრობ 21-ე საუკუნეში საერთოდ არ უნდა ეწეოდეს ადამიანი. მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, სიგარეტში იხარჯება დიდი ფინანსები და თან დროც იკარგება მოწევაში.

Latest Posts

ბოლო სიახლეები