1954 წელს, ფილმ “პორტში“ შესრულებული მთავარი როლისთვის, მსახიობ მარლონ ბრანდოს ოსკარის ჯილდო გადასცეს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მსახიობის საკუთრებაში რჩებოდა, თუმცა შემდეგ მისი სახლიდან გაურკვეველ გარემოებაში გაქრა. ბრანდომ არაერთხელ სცადა მიეკვლია საკუთარი პრიზისთვის, თუმცა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
მხოლოდ დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, დაკარგული ნივთის და მისი ახალი მფლობელის შესახებ, საკმაოდ საინტერესო ფაქტები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა “ოქროს ქანდაკება“ ამჟამად ლეონარდო დიკაპრიოს სახლის ინტერიერს ამშვენებს.
გამოცემა “The Hollywood Reporter” წერს, რომ ბიზნეს-პარტნიორებმა და მეგობრებმა, ლეოს 38 წლის იუბილეზე, არც მეტი არც ნაკლები, სწორედ “ოსკარი“ აჩუქეს, თანაც ეს მოხდა იმაზე 2 წლით ადრე, ვიდრე დიკაპრიო ოსკარის ჯილდოს თავად დაიმსახურებდა. ეს სწორედ ის ბიზნეს-პარტნიორები არიან, რომელთა გამოც მსახიობით ცოტა ხნის წინ ფედერალური ბიურო დაინტერესდა. მალაიზიელ პარტნიორებთან კავშირების საქმეზე ლეო დაკითხვაზეც კი დაიბარეს.
შტატებში თვლიან, რომ დიკაპრიოს მალაიზიელმა მეგობრებმა, საქველმოქმედო ფონდის კუთვნილი 3 მილიარდი დოლარი გაფლანგეს, თანხის მესამედი ფუფუნების საგნებში დაიხარჯა, მხოლოდ ბრანდოს ოსკარში მათ 600 000 დოლარი გადაიხადეს. ცხადია ლეგენდარულ მსახიობს ოსკარის ჯილდო არ გაუყიდია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვიღაცამ მოიპარა, თუმცა ვინ ეს ჯერ უცნობია.