თაკო ნაცვლიშვილი „იმედის დღეს“ სტუმრობდა და საკუთარ წარმატებებზე ისაუბრა. ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე რამდენიმე მნიშვნელოვან ჩვენებაზე გამოვიდა, მათ შორის განსაკუთღებით ბრწყინავდა ზუჰაირ მურადის ჩვენებაზე.
თაკო:
ერთადერთი სურვილი, რომელიც მაქვს ხოლმე ჩვენებებზე, არის ის, რომ ფეხსაცმელი იყოს ჩემი ზომა და არ მიჭერდეს. დანარჩენი არაფერრზე მაქვს პრეტენზია. ზუჰაირ მურადის ჩვენებაზე რკინებიანი ფეხსაცმელი იყო, ძალიან მიჭერდა, თითიც გავიჭერი და სამი გადასახვევი დამჭირდა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ფეხსაცმელზე, სიარულის მანერა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. სამოსს არ აქვს მნიშვნელობა. პოდიუმზე ყოველთვის კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს.
ქართველმა მოდელმა „ვიქტორიას სიკრეტში“ მონაწილეობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. შეგახსენებთ, ის მთავარი შოუს კასტინგში მონაწილეობდა, მაგრამ შოუზე ვერ მოხვდა – „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუ იმდენად პრესტიჟულია, რომ მოდელს კარიერას უქმნის, კონტრაქტებიც, შესაბამისად, ბევრად კარგია. შევეცდები, რომ მოვხვდე… ჩემზე არ არის დამოკიდებული, ჩემი მოთხოვნით არ ვმონაწილეობ კასტინგებში. ჩემმა სამოდელო სააგენტომ შემომთავაზა და დავთანხმდი“.
როგორია თაკოს ერთი დღე, მოდელმა ამის შესახებაც ისაუბრა:
„პარიზი ძალიან დიდია და რთულია მოძრაობა. მოდის კვირეულების დროს ასეთი სიტუაციაა. დილას ვდგები 7-ზე. დღეში შეიძლება 12 კასტინგი იყოს. ზოგჯერ ტყუილად ველოდები ხოლმე, გვეუბნებიან, უკვე სხვა ავარჩიეთო. მერე სხვა კასტინგზე უნდა გავიქცე, ფეხსაცმელები ჩანთაში მაქვს, წვიმს და თუკი თმა მისველდება, ნერვები მეშლება, სალონში უნდა შევიარო და დავივარცხნო, რადგან სააგენტო მეუბნება, ხვეულ თმაში ნაკვთები კარგად არ ჩანსო… ნამდვილად ძალიან რთულია. ყველაზე ძალიან არ მსიამოვნებს, ისაა, როცა კასტინგზე მეუბნებიან – არა… თუ მაქვს 12 კასტინგი, შეიძლება, კიდევ 10 დამემატოს. ყოფილა, დილის შვიდი საათიდან ღამის სამამდე გარეთ ვყოფილვარ. ეს იყო სამი წლის წინ, როცა კრისტიან დიორის ჩვენებაზე გამოვედი, ღამის ოთხის ნახევრამდე მოზომებაზე ვიყავი, მეორე დილის შვიდ საათზე კი ისევ დამიბარეს…“
თაკო ამბობს, რომ ზოგჯერ დიეტაზე არის, თუ რამდენიმე კილო აქვს მომატებული. ერთი პერიოდი კი ხუთი კილო მაინც ჰქონდა მომატებული, რის გამოც პოდიუმზე ვერ გამოდიოდა – „ბოლო ორი წელი არ ვჩანდი ჩვენებებზე, რადგან პარამეტრებს ავცდი და სააგენტოც არ მიშვებდა… წელს, საბედნიეროდ, გამიშვეს კასტინგებზე“.