ადრე ხშირად გაიგონებდით, რომ ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელი იყო, თუმცა დღეს ეს გამონათქვამი, შესაძლოა, დისკრიმინაციაშიც კი ჩაგეთვალოთ. ახლა უკვე ქალი პოლიტიკაში, ქალი ბიზნესსა და ეკონომიკაში ჩვეულებრივი ამბავია. მე-20 საუკუნის დამდეგს უმეტეს ქვეყნებში ქალებმა ხმის მიცემისა და განათლების უფლება მოიპოვეს. აგერ უკვე 21-ე საუკუნის 20-იან წლებში კი ქალთა გაძლიერების კვირეული იმართება.
USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ საქართველოში, „მეწარმე ქალთა საბჭოს“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით რიგით მე-4 ყოველწლიურ კონფერენციას მართავს სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“. წინა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოების მხრიდან მზარდი ინტერესის ტენდენციამ ღონისძიების ფორმატის შეცვლა განაპირობა და ის კვირეულის სახით 27, 28 ,29 და 30 მარტს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში იმართება.