რეზო ამაშუკელი მარიხუანას მოხმარებაზე და “გახრწნილ ქართველ მომღერლებზე“ – “მარტო მამულიჩა კი არა… “

0
220

უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარებაზე გოგა ხაჩიძის კანონპროექტს დაუჭირა მხარი, დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა არ გაიზიარეს, თუმცა დაეთანხმნენ აზრს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მარიხუანას მოხმარებაზე სანქციის ზომად პატიმრობა არ გამოიყენონ. ინიციატივას მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც დაუჭირა.

ამ ინფორმაციის გავრცელებას შოუბიზნესის თუ სატელევიზიო სფეროს უამრავი წარმომადგენელი აპლოდისმენტებით შეხვდა. მათ შორის გახლდათ ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც დაწერა: “მგონი, დგება დრო, როცა მარიხუანის მოწევის გამო ადამიანებს ციხეში აღარ ჩასვამენ. რაც კარგია, უნდა ვთქვათ, რომ კარგია“.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ინიციატივას ქმედითი შედეგები არ მოჰყვება და სხვა გზაა ასარჩევი.

ერთ-ერთი მათგანია რეზო ამაშუკელი, რომელსაც კომენტარისთვის დავუკავშირდით. მისი მოსაზრებით, პირველ რიგში, ნაბიჯებია გადასადგმელი გამსაღებლების წინააღმდეგ.

რეზო ამაშუკელი:

რასაკვირველია, არავის დაჭერას არ ვემხრობი, მაგრამ ამ ინიციატივას ძალიან დიდი ხიფათიც მოსდევს. ეს ამბავი ასე იოლად არ გადაწყდება. საქართველოში ოჯახური ღირებულებები დაიკარგა, ახალგაზრდებს კაცობა წაართვეს, ნიჰილიზმია დამკვიდრებული და ეროვნულობის განცდა აღარ აქვთ. ამას კი კანონმდებლობა ვერ უშველის.

უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ახალი დაავადება. ძველად დამპყრობლებს თრიაქი შემოჰქონდათ და თავადები მოიხმარდნენ, შემდეგ კი მათზე ამბობდნენ, “გათრიაქებულებიო“.

ვფიქრობ, კანონმდებლობის შეცვლა მარიხუანას მოხმარებაზე დასავლური ღირებულებების ჯაჭვის ერთი ნაწილია და ცალკე არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის პატიმრობას არ მივესალმები, რადგან ციხეში უფრო გაუბედურდება ადამიანი, მაგრამ სხვა ზომებია მისაღები…

თქვენ რა გამოსავალს ხედავთ?

გამავრცელებლების წინააღმდეგ ბრძოლას. გახრწნილი მომღერლები რომ არიან, მარტო მამულიჩა კი არ არის, მის სფეროში გამსაღებლების მთელი სპექტრია. არც ერთს თავმოყვარეობა არ აქვს.

ვის გულისხმობთ?

მთელმა საქართველომ იცის და თქვენც გეცოდინებათ ძალიან კარგად. დააკვირდით იმ ადამიანებს, ვინ არიან მქადაგებლები. რა მაქვს სიმღერის საწინააღმდეგო, მაგრამ ბევრს ისეთი ბიზნესი ჰქონდა…

ალბათ, დეკრიმინალიზებას არ მიემხრობით…

ვერ მივემხრობი. ასე წვეთ-წვეთად დაიწყება. აღარ იციან, რა ქნან, როგორც მეძავები, ისე ეძლევიან დასავლეთს. რა ღირებულებებზეა საუბარი, კარგად დავაკვირდეთ, რა ხდება. თუ რამე ვთქვი, ჩამორჩენილი ვარ…

მე მაშინ აღვნიშნე, რომ ქვეყანა დაღუპულია, როცა გავიგონე, როგორ თქვა ახალგაზრდამ “ვაუ“, არც ინგლისური იციან, არც ქართული და არც რუსული. გადააგვარეს ქვეყანა…