ხვიჩა კვარაცხელია ქართულმა საზოგადოებამ “ახალი ხმიდან” გაიცნო, სადაც ის ქეთას გუნდის წევრი იყო. რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა “იქს ფაქტორში” იხილა მაყურებელმა, ლელა წურწუმია მარიო ჩიმაროს გარეგნობის მქონე ბიჭის სიმღერამ ისე აღაფრთოვანა, რომ მისი გამოსვლის შემდეგ, კატაბალახას წვეთები დასჭირდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ, ბედი რუსულ შოუ-ბიზნესშიც სცადა. ის მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ პროექტში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მაშინ დეტალები მომღერალმა საიდუმლოდ დატოვა, რუსულ ესტრადაზე წარმატებაში, მას ქეთა თოფურია უნდა დახმარებოდა.
“როდესაც “ვოისში“ ვიყავი, მაშინ ქეთამ თქვა: ხვიჩა უკვე მზა პროდუქტია იმისთვის, რომ მოკიდო ხელი, წაიყვანო და ფული იშოვოო. ეს კარგად მახსოვდა და თავიდან მე ვუთხარი: მოსკოვში მინდა წამოსვლა და რას მირჩევ-მეთქი. მერე უკვე თავად შემომთავაზა წასვლა და მიხარია, რომ ჩემზე გააკეთა არჩევანი. პირველ დღესვე შევხვდით ერთმანეთს, მოვიკითხეთ, დავაწყვეთ გეგმები, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩემი კარიერა მოსკოვში და მივყვებით ახლა ამ გეგმას. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული მუსიკალური კარიერა აქვს, ასევე ახლახან გააკეთა თავისი ახალი კოლექციის ჩვენებაც და პატარა შვილი ჰყავს, მუდმივად მისი კონტროლის ქვეშ ვარ. შეიძლება კვირა ისე გავიდეს, ვერ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ ტელეფონზე სულ ვკონტაქტობთ. როცა წასულია, მაშინ აქ ჰყავს ხალხი, ვისაც ჩააბარებს ხოლმე ჩემს თავს და ისინი ზრუნავენ ჩემზე” – აცხადებდა ხვიჩა ინტერვიუებში.
თუმცა, როგორც ჩანს მისი გამგზავრება წარუმატებელი აღმოჩნდა და ხვიჩა საქართველოში დაბრუნდა.