რატომ ვერ ჯობია თბილისი ბერლინს – „ამითი თუ მოვიტყუებთ თავს…“

0
1548

Forbes.com-ის სტატია სათაურით „თბილისმა ბერლინი ჩაანაცვლა – საქართველოს დედაქალაქი წლის აღმაფრთოვანებელი ადგილია“ სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. უცხოური გამოცემა წერს, რომ თბილისი მოგზაურობის დიდ ყურადღებას იპყრობს.

ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას გამოთქვამს ამ თემაზე და აღნიშნავს, რომ თბილისს ბერლინამდე ბევრი უკლია.

გავეცნოთ მის სტატუსს:

„ახლა გეტყვით ერთ რამეს. რამდენიც გვინდა, იმდენი შეგვიძლია ვიამაყოთ საზღვარგარეთის მედიაში გამოქვეყნებული სტატიებით თუ რა სასიამოვნო ორი-სამი სასტუმრო გვაქვს და რა კარგი ღვინო. ამითი თუ მოვიტყუებთ თავს, რა გადასარევი ქალაქია თბილისი, არაფერიც არ გვეშველება. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ მოიტყუოთ თავი იმით, რომ მეგობარს გადასარევი სახლი აქვს და ამიტომ თბილისი ბერლინს ჯობია. ვერაფრითაც ვერ ჯობია და ვერც აჯობებს. ჩემი მეგობრები მართლა საუკეთესო ღვინოს აკეთებენ, მათთან რესტორანში ან სახლში ჯდომას არაფერი მირჩევნია, მაგრამ ეს არ ხდის თბილისს ბერლინზე უკეთეს ქალაქად და აი, რატომ.

იქნებ, ამ კომფორტული დახურული სივრცეებიდან, სადაც მეც მსიამოვნებს ყოფნა და ძალიან კარგია რომ გვაქვს, ცოტა გარეთაც გამოვიხედოთ და ქალაქის ხარისხი შევაფასოთ ისე და ქალაქები შევადაროთ ერთმანეთს ისე, როგორც ამას წესით და რიგით აკეთებენ: ჰაერის დაბინძურების ხარისხი, მოწესრიგებული გარემო, სისუფთავე, გამწვანების და პარკების რაოდენობა, თავისუფალი ტროტუარები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შავი გამონაბოლქვის გარეშე ავტომობილები, ხმაურის დონე, ქალაქგანვითარებითი რეგულაციები, უმუშევრობის დონე, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ გაჭირვებულთა რაოდენობა, უსახლკარო ადამიანები და ბავშვები, კანონმორჩილი მძღოლები, მორეაგირე პოლიცია, ზებრაზე დათმობა, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანებზე გარემოს მორგება, მოხუცებისა და ბავშვებისათვის გადასაადგილებლად მოსახერხებელი გარემო, ირგვლივ ბუნებრივი ლანდშაფტის გაფრთხილება, სწორად მოვლილი კულტურული მემკვიდრეობა, ხედები, მახინჯი ბეტონის ჯუნგლების მაგივრად ვიზუალურად მიმზიდველი გარემო, ფსიქოლოგიურად მშვიდი გარემო, მოქალაქეების ე.წ. ‘ბედნიერების, ანუ ქალაქში ცხოვრებით კმაყოფილების გაზომვა, ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, სერვისების მიღების ხარისხი, ძლიერი საშუალო ფენა, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, განვითარების სფეროების ჩამოყალიბებული გრძელვადიანი ხედვა, მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის დაგეგმვასა და განვითარებაში, დაბალანსებული ბიუჯეტი, ე.წ. ‘ნიჭის’ მოზიდვის და შენარჩუნების უნარი და კიდევ ბევრი სხვა.

ჰოდა, სანამ ამის მაგივრად გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულ გარემო, სადაც მოსახლეობას სისხლში ტყვიის შემცველობა ერთი ხუთად აქვს ნორმაზე გაზრდილი და სიმსივნური დაავადებების რიცხვი კატასტროფულად იზრდება, სადაც კლდეებს ჭრიან კორპუსებისთვის და მერე კლდე იშლება და მეწყერი კლავს ოც ადამიანს, სადაც სამშენებლო მტვერი მთელ უბანშია გაბნეული და ფილტვებში ილექება, ქუჩები ერთბაშად ითხრება, როცა ყველა ჩამოდის, როცა შარდენის ხმაური არ აძინებს მთელ კალაუბანს, ტროტუარზე ვერ გაივლი, გამწვანება ნადგურდება, რამდენიც არ უნდა წეროს ვიღაც ბლოგერმა, რა ფირმის ესპრესოს აპარატი დევს რომელიღაც სასტუმროში და ამითი ასკვნის რომელი ქალაქი რომელს ჯობია, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ ბლოგერის აზრს მთელი ქალაქის შესახებ ვერანაირი სერიოზულობით ვერ განვიხილავთ. ორიოდე სასტუმრო და ღვინო კი ბატონო, კარგი გვაქვს, ოღონდ რომის პაპ ურბანის მადლმა, ბრიანა უილსონმა ქალაქების შედარებას თავი დაანებოს. ჭაჭა დალიოს ნაკლები, ტეხავს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here