ნოდიკო ტატიშვილსა და სალომე ბაკურაძეს, გარდა იმისა, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან და ნოდიკო სალომეს ვაჟის, სანტის ნათლიაც არის, საკმაოდ ახლო საქმიანი ურთიერთობებიც აკავშირებთ. მათ 2018 წელს ჩაწერეს სანატრელი დუეტი „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, მასზე გადაღებული კლიპი, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის და 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფასდა წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე და „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდო მოიპოვა.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაარსებული „ოქროს ტალღა“ ახლოვდება და გადავწყვიტეთ, ნოდიკოსა და სალომესთვის გვეკითხა, რა მოუტანა მათ ამ ჯილდომ და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ასეთი ტიპის დაჯილდოების არსებობა. ნოდიკოს და სალომეს „ორანჟერიაში“ შევხვდით.
„ოქროს ტალღა 2018“-ის გამარჯვებულები ხართ…
ნოდიკო:
მე მგონია, რომ „ოქროს ტალღა“ არის ძალიან საჭირო დაჯილდოება, მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორებისთვის. იმხელა სტიმულს იძლევა, რომ გინდა, შემდეგი წლისთვის უფრო მეტი ნამუშევარი დადო. მოწადინებული ხარ, კარგი სიმღერა მოიძიო, ჩაწერო, კარგად შეასრულო. შემდეგ ელოდები, როდის დასრულდება რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ სიმღერების მიღება და დაიწყება მზადება დაჯილდოების ცერემონიისთვის.
სალომე:
ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე. აი, ნოდიკომ ახალი სიტყვა გამოიყენა ამ თემასთან მიმართებაში – მოწადინებული (იცინიან). მართლა მოწადინებულები ვართ. მთელი წელი გაფიქრებს, რა სიმღერა ჩაწერო და მიიტანო, რომ ჯილდო მოიპოვოს. ყველა პრიზი მთავარია პრინციპში, ასე რომ, ყველა წელს შეიძლება გქონდეს რომელიღაც კატეგორიაში გამარჯვების იმედი.
ნოდიკო:
ჩვენმა დუეტმა, „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ წლის სიმღერის ჯილდო აიღო. ძალიან დიდხანს გაგრძელდა დაჯილდოების ცერემონია, ეს სულ ბოლო და ყველაზე მთავარი ნომინაცია იყო. ერთი კატეგორია გავიდა, მეორე… მე და სალომე გამოწკეპილები ვსხედვართ და ველოდებით, რა მოხდება. სალომემ მკითხა, მგონი, არაფერს გვაძლევენო. ზუსტად რამდენიმე წუთში რადიოჰოლდინგის დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ გამოაცხადა, რომ წლის სიმღერა გახდა „ერთხელ წვიმიან ქალაქში“.