მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც ქართულ ბაზარზე ტანსაცმლის ახალი ბრენდი, სახელად RANDOM WEAR გამოჩნდა, მაგრამ ამ მცირე დროშიც კი მოახერხა საზოგადოებაში პოპულარობისა მოპოვება. ბრენდის პირველი კოლექცია მინიმალისტური და საკმაოდ მარტივი, იმავდროულად თითქოს დამაინტრიგებელი, სხვებისგან განსხვავებული და „შემთხვევითია“.
RANDOM WEAR-ის შესახებ მისი ბრენდ-მენეჯერი, დათა ალექსეევი გვესაუბრება:
დათა, როდის და როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა?
ეს ბრენდი ძალიან კარგი მეგობრობის შედეგია. მე და მაკა (ბრენდის დამფუძნებელი) ერთმანეთს თეა აგლაძემ, „ბომონდის“ აღმასრულებელმა რედაქტორმა შეგვახვედრა და მალევე ძალიან ბევრი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ. მეგობრობის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ის იდეაც, რომელსაც დღეს RANDOM WEAR ეწოდება. აქვე ავღნიშნავ, რომ RANDOM არის „ატელიე მაკრატელის“ პროექტი და ჩამოყალიბებულია ცალკე ბრენდად.
რატომ გადაწყდა ბრენდის სახელად „შემთხვევითობა“ და რა დატვირთვა აქვს მას?
„Random”, ანუ „შემთხვევითობა“ ყველაზე კარგად აღწერს თავად ბრენდის ჩამოყალიბების პროცესს და მისთვის შექმნილ სამოსს. პირველ რიგში, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი და მაკას შეხვედრა, დაახლოება და საერთო იდეის განხორციელება ძალიან სასიამოვნო შემთხვევითობა იყო. ასევე ეს სიტყვა კარგად ახასიათებს ჩვენს სტილს – როგორ გამოვიყურებოდეთ თანამედროვედ და თავისუფლად სადა, შემთხვევით ჩაცმულ სამოსში. ასევე ვფიქრობ, რომ სწორედ შემთხვევითობა გვაერთიანებს თითოეულ ინდივიდს, სასიამოვნო შემთხვევითობებით მიღებული დადებითი მუხტი და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა ფაქტობრივად დომინირებს ჩვენს ბრენდში. ჩვენი სლოგანი – „შემთხვევითობა, ის, რაც შენს სტილს სჭირდება“ მიანიშნებს იმ სიახლისკენ, რომელიც ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ.
საზოგადოებამ უკვე ნახა RANDOM-ის პირველი კოლექცია, რას გვეტყვით თავად კოლექციაში შესული სამოსის შესახებ?
პირველი კოლექციით ჩვენ თითქოს გამოვეყავით ყველანაირ სტილს და უფრო სადა, მინიმალისტური მიმართულება ავიღეთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „სადა“ არ ასოცირდება „მოსაწყენთან“ და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ჩვენი ტანსაცმლის მთავარი ხიბლი დეტალებშია, რომლებიც მინიმალიზმის დამსახურებით ძალიან მარტივი მოსარგებია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ზედა ან შარვალი სრულიად ტრანსფორმირდება თქვენი სურვილისამებრ. ამაში იგულისხმება მათი სტილი, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენი სამოსი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპორტულ, კლასიკურ, უფრო თავისუფალ ლუქებში. თანაც ისინი „უნისექსია“, ანუ ნებისმიერი მათგანის მორგება შეუძლია ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს. ჩვენი მიზანი სწორედ ტანსაცმლის უნივერსალურობა და ფუნქციონალურობა იყო და ვფიქრობ, რომ ამის შედეგი თუნდაც ის კიმონოა, რომლის მოხდენაც შეგიძლიათ როგორც ზაფხულის ლუქებზე, ასევე ზამთრისაზე. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ პროდუქტის ხარისხი, რომელსაც მომხმარებლებს მივაწვდით და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ხარისხისა და ფასის დაბალანსება მომხდარიყო.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მომხმარებლებთან კომუნიკაცია?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ახლა ავიდგით ფეხი, 21-ე საუკუნეში კი ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელიც კი არის ხალხს თავი მხოლოდ პროდუქციით დაამახსოვრო. დღეს დაფასებულია ურთიერთობა, კომუნიკაცია. ამის მისაღწევად ჩვენ RANDOM WEAR-ის ყოველ სამოსს ლეიბლზე მომხმარებლისთვის განკუთვნილი ფრაზები დავაწერეთ, რომლებიც „შემთხვევითობასთან“ ასოცირდება. ამ ფრაზებში ყოველ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის ამოცნობა და ეს იწვევს ჩვენსა და მომხმარებელს შორის უფრო პირადი, სასიამოვნო ურთიერთობის დამყარებას.
აქვს თუ არა მსოფლიო ტრენდებს გავლენა თქვენს სამოსზე?
შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევითი გავლენა იქონიოს რაიმე გლობალურმა ტრენდმა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით არის პოპულარული მინიმალიზმი და იაპონური კულტურის ელემენტები, ამიტომ რატომაც არ უნდა დაინერგოს მსგავსი მიმართულება საქართველოში? ჩვენთვის „ტრენდი“ არის ის, რასაც ვგრძნობთ, როგორ ხასიათზეც ვართ. RANDOM-ის კოლექცია არის ძალიან გულწრფელი, რეალური. სწორედ ამ რეალურობით გვსურს საზოგადოებას გავეცნოთ. სიმართლე გითხრათ, ამ სამოსში ვერ იპოვით დემონსტრაციულ მესიჯებსა და ხასიათს, რადგან ეს ყველაფერი დეტალებშია მოქცეული. როგორც ზემოთ ვახსენე, თუნდაც ლეიბლზე დატანებული ფრაზები ერთგვარი მესიჯია, რომელიც დამალულია, მაგრამ დიდ როლს თამაშობს ნივთის სიმბოლურობაში.
რას უნდა ველოდოთ RANDOM WEAR-ისგან მომავალში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ჯერ ბრენდი საკმაოდ ახალგაზრდაა. გეტყვით, რომ ჩვენგან არაფერი არ არის გამორიცხული და შეგიძლიათ, ძალიან სასიამოვნო სიახლეებს ელოდოთ, რადგან ჩვენს სწორედ სასიამოვნო შემთხვევითობით ვაგრძელებთ მუშაობას.