„რაინდები  ფშავ-ხევსურეთიდან“- ანდრო სემეიკოს გამოფენა

0
1728

„რაინდები ფშავ-ხევსურეთიდან“ – ამ სახელწოდებით ანდრო სემეიკოს გამოფენა იმართება ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.  გამოფენა შექმნილია მწერალ ანა კორძაია- სამადაშვილთან და დიზაინერ მანანა ანთელიძესთან თანამშრომლობით.

პროექტი განიხილავს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას, როგორც მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოსა და მსოფლიოსთვის სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით.

ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი ნივთების შესწავლისას სემეიკომ და კორძაია-სამადაშვილმა არჩევანი შეაჩერეს პოეტის ცხვირსახოცზე, როგორც ობიექტზე, რომლის გარშემო შექმნეს მეტაფორული სამყარო-ნამუშევრები.

სემეიკო აგებს ინსტალაციას, სადაც ბინადრობს შუა საუკუნის ჯვაროსანი რაიდის სული, რაინდის, ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც ჩარჩენილისა ფშავ-ხევსურეთში. ის ატარებს პოეტის ცხვირსახოცს, როგორც თილისმას, იზიარებს მის ჰუმანიზმს და პროგრესულობას – მას ეცვლება მსოფლმხედველობა. ინსტალაციაში ყურადღება აგრეთვე ეთმობა ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულებას ბუნებისადმი.

კორძაია-სამადაშვილი პროექტზე მუშაობისას არკვევს, რომ ცხვირსახოცი სპეციალურად ვაჟასთვის იყო შექმნილი ქართველ ქალთა საზოგადოების მიერ. კორძაია-სამადაშვილი ქმნის პერსონაჟს, რომელიც ასახავს ქალის ხმას ჩვენს სამყაროში.

ანთელიძე იხილავს ზემოაღნიშნულ ორივე ასპექტს და აგებს fashion-ობიექტს, სადაც შერწყმულია ორი საწყისი – მამაკაცის და ქალის.

გამოფენა წარმოადგენს ინსტალაციას, რომელიც აერთიანებს ნახატს, ფერწერას, ავთენტურ საარქივო მასალას, ტექტს, fashion-ობიექტს, სლაიდშოუს, აუდიონამუშევარს – შედეგად იქმნება მრავალშრიანი მოთხრობა.

პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ქართულ-ინგლისური წიგნის გამოცემა და მისი პრეზენტაცია დიდ ბრიტანეთში შემდგომი გამოფენის ფარგლებში. წიგნის პრეზენტაცია იგეგმება საქართველოშიც.

 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა Arts Council England-ის, British Council-ის, AG Alco-სა და ჟურნალ Beaumonde-ის დახმარებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here