29.8 C
Tbilisi
Friday, September 16, 2022

რა სურპრიზს უმზადებს თაყვანისმცემლებს ნიაზ დიასამიძე?

მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე, სულ მალე თაყვანისმცემლების წინაშე, ახალ ამპლუაში წარსდგება. ის ორი თვეა ქართულ ანბანს ხატავს, რომლის გამოფენაც თებერვალში შედგება. საკუთარ გეგმებზე ნიაზ დიასამიძე „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– მე დიდი ხანია ვხატავ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მაგრამ როცა აკადემიაში ჩავაბარე, მუსიკამ გამიტაცა და დიდი ხანია არ დამიხატია. უცნაურია, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მე ჩავაბარე, მუსიკალური ჯგუფები სამხატვრო აკადემიიდან წამოვიდა, ეტყობა იმ ასაკში პროტესტს მუსიკით უფრო გამოვხატავდით. ორი თვეა რაც ანბანზე ვმუშაობ, ოთხი ასო დამრჩა ტილოზე გადასატანი, ძირითადი ფერები შავი, თეთრი და წითელი არის, მაგრამ სხვა ფერებსაც არ ვეუბნები უარს. ხატვის დროს, სულ მარტო ვარ და ფრანგულ რადიოს ვუსმენ. გამოფენას თებერვალში გავმართავ.  

– რაც შეეხება მუსიკას, რა გეგმები გაქვთ?

– რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ჩვენი რიგით მეშვიდე ალბომი „ქართული“. ახალი ჟღერადობის ალბომია, უკვე დავიწყეთ მერვე ალბომზე მუშაობა, ჩემი მთავარი საზრუნავია მუსიკა, ფანდური ძველის და ახალის შეხვედრაა. ახალ თაობებს ალბათ დაბერებულიც ვგონივართ, მაგრამ ეგრე არ მოვეშვებით. მთავარია ხვალინდელს და დღევანდელს შესთავაზო ისეთი პროდუქტი,  მოსაბეზრებელი რომ არ გახდე. შეგიძლია დარჩე ერთ კონკრეტულში, მაგრამ დროსთან შეჯიბრი კარგია. შემდეგ ალბომში ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალ განწყობას შევიტანთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს კონცერტი ტალინში, იმედი მაქვს საფრანგეთშიც წავალთ. მიუნხენში გვქონდა ემიგრანტებისთვის კონცერტი და ეს სხვა ემოციაა. უფრო ფესტივალებზე დავდივართ და კარგია უცხოელებს გააცნო შენი ქვეყანა.

– რატომ გიყვართ საფრანგეთი ასე განსაკუთრებულად?

– ბებია მყავს ფრანგი. ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდით არდადეგებზე, ბოლო ათი წელია უსაქმოდ არ წავსულვარ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები