კახაბერის და ხანუმების დუეტი, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და დღემდე წარმატებული მუსიკალური პროექტია. მათი კონცერტები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ანშლაგებით ტარდება. 3 მარტს „კახაბერის და ხანუმების“ კონცერტი „პიანინოში“ გაიმართება, რას შესთავაზებენ თაყვანისმცემლებს თბილისში დაგეგმილ კონცერტზე და რა გეგმები აქვს კახაბერს, ამის შესახებ მუსიკოსი „არ დაიდარდოს“ ესაუბრა.
– 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება კონცერტი ხანუმებთან ერთად, კონცერტზე „კახაბერის და ხანუმების“ პროექტის თითქმის ყველა სიმღერას შევასრულებთ. ეს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა მაყურებელთან, ჩვენს მსმენელთან და მათთან, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს ჩვენს მიერ, ცოცხლად შესრულებული პერფომანსი. ჩვენ არასდროს წინასწარ არასდროს ვიცით, როგორ წარიმართება კონცერტი, რადგან ყველაფერი იმპროვიზირებულად ხდება, ამის საშუალებას კი ცოცხალი შესრულება გვაძლევს.
– ვისი იდეა იყო, ამ კონცერტის დაგეგმვა?
– ჩვენი მეგობარია ანუკა ხომერიკი, რომელმაც გადაწყვიტა ამ ივენთის გაკეთება, „პიანინო“ კი ჩვენ შევარჩიეთ, რადგან ამ პროექტს ძალიან უხდება ეს გარემო. მინდა მადლობა ვუთხრა ანუკას ამ გადაწყვეტილებისთვის და შემოთავაზებისთვის. ეს იქნება ძალიან სასიამოვნო, მოგონებებით სავსე დღე, რომელსაც კარგად გაიხსენებს ყველა მსმენელი, ვინც მოვა კონცერტზე. ამავე საღამოზე გავაჟღერებთ კიდევ ერთ სიახლეს, ჩვენი პროექტის „კახაბერის და ხანუმების“ მაისურები გამოვა, ეს იქნება ბრენდი, რომელიც რამდენიმე მოდელს მოიცავს.
– „კახაბერი და ხანუმები“ ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ყველა იმ პროექტის წარმატებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ?
– მიხარია ეს ფაქტი. ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ ყველაფერს, ჩემს პროექტებში რა თქმა უნდა დომინირებს მუსიკა, რომელსაც მერე მე ისე ვფუთავ, რაც მისაღები არის ჩემი აუდიტორიისთვის. ალბათ ეს არის წარმატების საიდუმლო. „კახაბერი და ხანუმები“ საზღვარგარეთაც მოსწონთ, ამას ის განაპირობებს, რომ პროექტის შექმნისას, მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე არ ვფიქრობ და საერთაშორისო ინტერესი ჩნდება.
– ხშირად გაქვთ მოწვევები საზღვარგარეთიდან?
– ხშირად გვაქვს საზღვარგარეთ კონცერტები, გასულ ორი თვის მანძილზე, ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში გავმართეთ კონცერტები.
– რა სიახლეებს უმზადებთ მსმენელს?
– ბევრი სიახლე მაქვს დაგეგმილი, მაგრამ ნაადრევი იქნება წინასწარ ამაზე საუბარი. ახლა ვმუშაობ პროექტზე, რომელიც რამდენიმე ცნობილ ადამიანთან დუეტებს მოიცავს.